ლაგოდეხის საფეხბურთო ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა
ლაგოდეხის საფეხბურთო ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა

ლაგოდეხის საფეხბურთო ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა და მას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა. აკადემიაში 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს.

გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები, მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის, პროექტის მიზნებზე ისაუბრა და ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა.

„ლაგოდეხის ბაზაზე ახალი საფარი დაიგო, დამონტაჟდა ახალი განათება და შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეს ყველაფერი კი საშუალებას გვაძლევს, აკადემიამ სრულყოფილად იმუშაოს. ამ აკადემიაში ორი გუნდი იქნება, ფეხბურთელები აქ იცხოვრებენ, ივარჯიშებენ და ისწავლიან. განათლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის აკადემია მთელ კახეთის რეგიონს მოიცავს. ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნული აკადემია რიგით მესამეა. ერთი ცენტრალური ფილიალი თბილისშია, მეორე – ზუგდიდში, მესამე კახეთში გავხსენით. ეს წინსვლა საშუალებას გვაძლევს, რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი ჩავრთოთ და ამით ქართული ფეხბურთის განვითარებას შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რეგიონისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ფეხბურთის ფედერაციას მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან ლაგოდეხში აკადემიის გახსნა დადებითი მოვლენაა. ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარება და მასში ჩართული ადამიანების ზრდა, ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებაზე დადებით გავლენას მოახდენს. ეს აკადემია თუნდაც იმით არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ადამიანები დასაქმდებიან და რეგიონი და ქალაქი განვითარდება, რაც ჩვენი პრიორიტეტია. საერთოდ, სპორტისა და ფეხბურთის მხარდაჭერას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ტექნიკური ცენტრის სრული რეკონსტრუქციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით მილიონი ლარი დახარჯა. სფფ-ის სრული დაფინანსებით, ლაგოდეხის ბაზაზე სტადიონის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა და ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი დაიგო.

ამასთანავე, სტადიონზე 300- ლუქსიანი განათების სისტემა დამონტაჟდება. სათამაშო მოედნის მოწყობასთან ერთად ბაზის ცენტრალურ შენობას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა – სრულად შეიცვალა კონდიცირების სისტემა და განახლდა ელექტროენერგიის წყარო.

ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი სულ 110 ადამიანზეა გათვლილი. ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ აკადემიის მთავარ მწვრთნელად გიორგი ნუსხელიძე იმუშავებს, მისი დამხმარეები კი ადგილობრივი სპეციალისტები – ალექსანდრე ჯაფარიძე, შიო შეყელაშვილი და ვახტანგ თანდაშვილი იქნებიან. ლაგოდეხის განახლებულ ბაზაზე მომავალში სრულფასოვანი შეკრების გავლა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შეეძლებათ.

დატოვე კომენტარი