ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში აქცია მიმდინარეობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში აქცია მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში აქცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სტიქიამ მოსავალი ასი პროცენტით გაანადგურა და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

„ჩვენს სოფელში ნახევარზე მეტ ოჯახს ბანკიდან აღებული გვაქვს კრედიტები და არ ვიცი, თანხას რით გადავიხდით. მოსავალი ვერ დავაზღვიეთ, რადგან სადაზღვეოში როცა მივედით, გვითხრეს, რომ 20 მაისის შემდეგ დაგვაზღვევდნენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მათი თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საავტომობილო გზას გადაკეტავენ.

ადგილზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებს დაზღვევის პირობები განუმარტეს. მათი თქმით, რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამ მოსავლის დაზღვევა მარტის თვიდან დაიწყო.

კახეთის რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, კრედიტების გადავადების საკითხი ბანკებთან მოლაპარაკების საგანია და მას შემდეგ, რაც ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია დაზუსტდება, საფინანსო ორგანიზაციებს შეღავათების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავენ.

ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით კი მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფრასტრუქტურულ ნაწილში ფინანსურ დახმარებას გაუწევს მათ, ვისაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლების სახურავი დაუზიანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.