ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლაში ქვეწარმავლები გამოჩნდნენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლაში ქვეწარმავლები გამოჩნდნენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლაში ქვეწარმავლები კვლავ გამოჩნდნენ. გასულ ზაფხულს ქვეწარმავლების შემოსევის გამო სკოლაში რამდენიმე დღის განმავლობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იყო, რის შემდეგაც განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ აღნიშნული სკოლის პირველ სართულზე მდებარე საკლასო ოთახებში იატაკი გამოცვალა და სარდაფი ბადეებით შეფუთა, მაგრამ ქვეწარმავლები წელს მზიანი დღეების დადგომისთანავე სკოლის შენობაში კვლავ გამოჩნდნენ.

„უკვე მესამე სართულამდე ამოდიან, ფოიესა და კიბის უჯრედში მათი ნახვა ჩვეულებრივი ამბავია. რატომღაც მგონია, რომ სკოლის სარდაფში ბუდობენ და კედლებზე არსებული ხვრელებისა და ნაპრალების მეშვეობით შენობაში გადაადგილდებიან”, – განუცხადა პირველ არხს დაწყებითი კლასის პედაგოგმა იზოლდა ლაბაძემ.

გიორგეთის სკოლის დირექტორს, თამარ მაისურაძეს მიაჩნია, რომ ქვეწარმავლების შემოსევისგან თავის დაღწევა სკოლაში სრული და ხარისხიანი სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„რეაბილიტირებულ საკლასო ოთახებში კვლავ ჩნდებიან, რადგან ე.წ. პლინტუსსა და კედლებს შორის დარჩენილი სივრციდან ამოძრომას თავისუფლად ახერხებენ”,- აცხადებს დირექტორი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, შხამიანები არიან თუ არა, სკოლაში ქვეწარმავლის არსებობა დაუშვებელია.

„გასულ წელს სპეციალისტები მოვიდნენ, სარდაფიდან ცოცხლები ამოიყვანეს და სპეციალური შესაწამლი სითხე დაგვიტოვეს, გვითხრეს რომ არ არიან შხამიანები, მაგრამ მაინც გვეშინია, მოსწავლეები ზოგჯერ იჭერენ და ერთმანეთს დასდევენ შესაშინებლად. ქვეწარმავლის სკოლაში არსებობა დაუშვებელია, თუნდაც არავის ერჩოდეს”,-აცხადებს სკოლის დირექტორი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ქვეწარმავლების შემოსევას ახლომდებარე დაჭაობებულ ადგილს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ საკითხს კიდევ ერთხელ შეისწავლიან.

„მერია შესაბამის სამსახურთან ერთად შეისწავლის და რა საშუალებაც გვექნება, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევასრულებთ სამუშაოებს, რომ სკოლაში ქვეწარმავლების მოხვედრა არ დავუშვათ”,- აცხადებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვიცე -მერი ალექსი ჭანკვეტაძე.