„ლაღიძის წყლის“ დაბრუნების ინიციატივას ხელოვანები უერთდებიან
„ლაღიძის წყლის“ დაბრუნების ინიციატივას ხელოვანები უერთდებიან

„მოითხოვეთ ყველგან“ – „ლაღიძის წყლის“ ისტორიული კაფეს დაბრუნების ინიციატივას ხელოვანები უერთდებიან.

ქართველი მხატვრები რუსთაველის გამზირზე მდებარე ისტორიული კაფეს აღდგენას ითხოვენ და ამბობენ, რომ „ასე დედაქალაქი სულს დაიბრუნებს“.

მათი განცხადებით, ქალაქის სავიზიტო ბარათი და საუკუნეზე მეტი ხნის „ლაღიძის წყლის“ ისტორია აუცილებლად უნდა დაბრუნდეს და რუსთაველის გამზირზე ისევ კაფე უნდა გაიხსნას.

„ლაღიძე ლექსივითაა.მე გასული საუკუნის 70 იანი წლების ლაღიძელი ვარ. სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, რომელიც ამ ისტორიულ ადგილას ყოველ დღე დადიოდა. აქ ავუხსენი სიყვარული ჩემს რჩეულს, ეს არის ადგილი, რომელიც ისევ უნდა იყოს ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ადგილი, აცხადებს მხატვარი გია გუგუშვილი.

„არ შეიძლება ამ ტრადიციის მივიწყება და უგულებელყოფა. ძალიან გვინდა დავიბრუნოთ კაფე და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. მხატვრები აპირებენ ლაღიძის თემაზე ექსპოზიციის შექმნას და ასევე გამოვა კატალოგიც. გამოფენის გახსნა, რომელიც ლაღიძის წყლის საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას გააცოცხლებს აპრილშია დაგეგმილი“,- განაცხადა ლაღიძეების ოჯახის წარმომადგენელმა, მაკა თავამაიშვილმა-ლაღიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერ კახა კალაძეს სთხოვა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, „ლაღიძის წყლები“ და სახაჭაპურე რუსთაველის გამზირს ისევ დაუბრუნდეს.

პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე „გალერია თბილისის“ გახსნაზე ისაუბრა.