ლაფანყურში, მდინარე ლოპოტას ტერიტორიაზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების სოლიდარობის აქცია გაიმართა
ლაფანყურში, მდინარე ლოპოტას ტერიტორიაზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების სოლიდარობის აქცია გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, მდინარე ლოპოტას ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების სოლიდარობის აქციას მართავს.

აქციის მონაწილეთა თქმით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ეკოლოგიის განადგურებისა და სოფლების დაცლის ხარჯზე.

„კარგად ვიცით, რას ნიშნავს საფრთხეები, რაც ჰესის აშენების შემთხვევაშია მოსალოდნელი. ლოპოტაზე დაგეგმილია 5,9 მეგავატის ჰესის მშენებლობა, რომელსაც მთელი სოფელი ვეწინააღმდეგებით და ხელებჩამოშვებული არ ვაპირებთ დავხვდეთ აქ ტექნიკის შემოსვლას.

ვწუხვართ, რომ ვერ ვახერხებთ, ჩავიდეთ რიონის ხეობაში, თუმცა ვნახავთ, როგორ განვითარდება პროცესები და შეიძლება, ჩვენც ორად გავნაწილდეთ, მორიგეები ლოპოტის პირას კარავში დარჩნენ და ნაწილი სოლიდარობის ნიშნად იქ წავიდეს“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ქეთევან ხორნაულმა.

ლაფანყურში თვეზე მეტია, მდინარე ლოპოტაზე გაშლილია კარავი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას სადღეღამისო მორიგეობა აქვს დაწესებული. ადგილობრივი მოსახლეობა ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობის დასაწყებად სპეცტექნიკის გამოჩენის შემთხვევაში, ფიზიკური წინააღმდეგობის გასაწევად მობილიზებას არ გამორიცხავს.