ლადო სადღობელაშვილი მოსამართლეს - ღმერთის წინაშე ვამბობ, რომ დავიცავ ყველა კანონს, ადმინისტრაციულ დარღვევასაც კი არ ჩავიდენ
ლადო სადღობელაშვილი მოსამართლეს - ღმერთის წინაშე ვამბობ, რომ დავიცავ ყველა კანონს, ადმინისტრაციულ დარღვევასაც კი არ ჩავიდენ

ჩვენ ვართ პოლიტიკური პატიმრები, სისტემის პატიმრები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყველა გარემოება, – ასე მიმართა „ქართული მარშის“ დაკავებულმა წევრმა, ლადო სადღობელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომაზე.

„წელს ჩემი შვილი მიდის სკოლაში. პირველი გოგო მესამე კლასში რომ გადავიდა, ტელეფონზე ვესაუბრე და მითხრა, მამა მესამე კლასში გადავედიო. მე ვუთხარი, ამაყი ვარ-მეთქი. გაითვალისწინეთ ორი შვილი მყავს, რომლებიც სახლში მელოდებიან. ოთხი საკანი გამოვიცვალე საპატიმროში. შევდივარ ექვსკაციან საკნებში და ვეკითხები, რაზე ზიხარ, ძმაო? ზოგი მეუბნება მკვლელობაზე, ზოგი დაჭრაზე. არავინ ზის ხულიგნობაზე. გავარკვიეთ, რომ ხულიგნობაზე მხოლოდ ჩვენ ვართ საპატიმროში. ეს სამართალია, ხალხო?“, – განაცხადა სადღობელაშვილმა.

„ქართული მარშის“ მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ამ გარემოების გათვალისწინება სთხოვა.

„ჩემი ჯანმრთელობა მძიმეა, მაქვს ხოლმე ჰემოგლობინის ვარდნა. ბოლო ერთი თვეა, ვარ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ნემსებით მკურნალობენ. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ვიყო ჯანმრთელი და დავუბრუნდე ჩემს ორ შვილს. ჩემმა ადვოკატმა კი თქვა, რომ 5000 ლარს გთავაზობთ გირაოს, მაგრამ მეტსაც შევძლებთ. გთხოვთ გაითვალისწინეთ ეს გარემოებები“, – აღნიშნა სადღობელაშვილმა.

საქმის მოსამართლემ სადღობელაშვილს ჰკითხა, რა გარანტია აქვს სასამართლოს, რომ სამართალდარღვევა აღარ განმეორდება.

„თქვენი ყველა ღონისძიება მთავრდება ხან გაუგებრობით, ხან სამართალდარღვევით. რა გარანტია აქვს სასამართლოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდება“, – განაცხადა მოსამართლემ.

სადღობელაშვილმა პირობა დადო, რომ სამართალდარღვევას აღარ ჩაიდენს.

„ღმერთის წინაშე ვამბობ, რომ დავიცავ ყველა კანონს. 10 000 ლარს ვთავაზობ სასამართლოს გირაოს სახით. მე ადმინისტრაციულ დარღვევასაც კი არ ჩავიდენ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი და მომცეთ საკუთარ ორ შვილთან ჩახუტების საშუალება“, – აღნიშნა სადღობელაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობს.