ლადო კახაძე - ყველას გასაგონად ხმამაღლა ვაცხადებ, არავისზე აღმართოთ ხელი და ნუ შეურაცხყოფთ ნურც ერთ ადამიანს, არავის გარჩევა არ შეიძლება
ლადო კახაძე - ყველას გასაგონად ხმამაღლა ვაცხადებ, არავისზე აღმართოთ ხელი და ნუ შეურაცხყოფთ ნურც ერთ ადამიანს, არავის გარჩევა არ შეიძლება

ყველას გასაგონად ხმამაღლა ვაცხადებ, არავისზე აღმართოთ ხელი და ნუ შეურაცხყოფთ ნურც ერთ ადამიანს, არავის გარჩევა არ შეიძლება, რადგან ნებისმიერი ჩვენგანი უფლის მეოხებით, დედის სხეულგამოტარებული სიყვარულის ნაყოფია, – ამის შესახებ ექიმმა რადიოლოგმა, ლადო კახაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე ექიმი ვარ და ტუპერკულოზის ჩხირს არ ვერჩი, მაგრამ ვერჩი დაავადებულ კავერნოზულ ტუპერკულოზს, რომ ავადმყოფი გადავარჩინო“, – განაცხადა კახაძემ.

მისი თქმით, ადამიანი სამი ტრილიონი უჯრედისგან შემდგარი სააქციო საზოგადოებაა, რომელსაც უფროსი არ ჰყავს, მედიცინაში ფორმისა და შინაარსის შეხამება არსებობს, ეს არის ანატომია და ფიზიოლოგია, მათი არათანხვედრა დაავადების ნიშანია და თუ საზოგადოებას ცოცხალ ორგანიზმთან გავათანაბრებთ, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება, როცა ფორმა და შინაარსი ერთმანეთს არ ემთხვევა.

„ეს უჯრედები ერთმანეთს კი არ ჩაგრავენ და ერთმანეთის წინააღმდეგ კი არ არიან, არამედ თანამშრომლობენ. მათ ერთმანეთი რომ დაჩაგრონ, ადამიანი მოკვდება და ვეღარ იარსებებს. მათი მაკოორდინირებელი ტვინია, რომელმაც იცის, რომ კუჭის საკეთებელი საქმე ფილტვებმა არ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა კახაძემ.

როგორც ექიმმა რადიოლოგმა აღნიშნა, ფორმამ შინაარსი უნდა განახორციელოს და თუ დემოკრატიას ამ კუთხით განვიხილავთ, აღრევას ადგილი არ ექნება.

„ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, მე როგორც ყოფილმა მოცეკვავემ, მთელი მსოფლიო მოვიარე და დაახლოებით, ოცი მსოფლიო ფესტივალის მონაწილე ვიყავი, სადაც ასობით ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდიოდა, რომლებიც უპირატესობას სცენაზე მოიპოვებდნენ. ვინც კარგად იცეკვებდა, მათ არავინ ჰკითხავდა, ფორმის, ტანსაცმლის შიგნით რა შინაარსი დევს. მთავარი იყო, მათ, როგორც ხელოვანებს, დაემსახურებინათ და გაემარჯვათ. მთავარია, ქირურგმა ოპერაციაზე გაიმარჯვოს და პაციენტი გადაარჩინოს, თავდაცვის მუშაკმა დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს და მოქალაქე გადაარჩინოს და ა.შ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძემ ასევე განაცხადა, რომ ტოლერანტობა ძლიერი ადამიანის ხვედრია და სუსტი ადამიანი ტოლერანტი ვერ იქნება.