ლადო კახაძე შალვა შავგულიძეს - ხომ იცოდი, სულხან მოლაშვილს ვინ აწამებდა, რატომ დგახარ იმ ადამიანებთან, რომელთა სახიდან სისხლი არასოდეს ჩამოიბანება
ლადო კახაძე შალვა შავგულიძეს - ხომ იცოდი, სულხან მოლაშვილს ვინ აწამებდა, რატომ დგახარ იმ ადამიანებთან, რომელთა სახიდან სისხლი არასოდეს ჩამოიბანება

მე და შენს შორის კარგი ურთიერთობის მიუხედავად, მე და შენ შორის სულხან მოლაშვილის სულია, ჩემი ძმაკაცის და ჩემი ძალიან ახლო უმცროსი მეგობრის სული. ახლა გეკითხები, ხომ იცოდი, რომ აწამებდნენ?! ხომ აქვს ნათქვამი, მაწამებდაო?! ხომ იცოდი იმის სახელი და გვარი, ვინც აწამებდა?! რატომ დგახარ იმ ადამიანებთან, ვისაც სისხლი აქვს და, რომელთა სახიდან ეს სისხლი არასოდეს ჩამოიბანება?! მათ იმ სისხლს ვერც შენნაირი წესიერი კაცი ვერ ჩამოჰბანს, – ამ განცხადებით ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში გამართულ დებატებში მონაწილე ოპონენტს, შალვა შავგულიძეს მიმართა, რაზეც შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ეს ნამდვილად არ იცოდა.

„ნუ შეეცდებით, დამაბრალოთ ის, რაც არ არის. საქმე იმაშია, რომ სულხან მოლაშვილის ინტერესებს მისი დაკავების პირველივე დღიდან ვიცავდი, მაგრამ სულხანს ჩემთვის არასდროს უთქვამს, მისი წამება ვინ განახორციელა. ეს არასდროს უთქვამს. სულხან მოლაშვილს მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა, სოსო ბარათაშვილი ვიცავდით. მასთან ძალიან ხშირი ურთიერთობა და კომუნიკაცია გვქონდა, მაგრამ ჩემთვის და სოსოსთვის ეს არ უთქვამს. მისი წამების ფაქტი თუ არ ვცდები, ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ გაახმოვანა, როდესაც ციხეში ინახულა. რა თქმა უნდა, ის იყო ნაწამები, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის არ უთქვამს, მისი წამება ვინ განახორციელა, როგორ შეიძლება, თავისთვის უფლება მიმეცა და მეთქვა, რატომ არ მეუბნები, ეს ვინ გააკეთა და ა.შ-თქო?!“, – განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, სულხან მოლაშვილის წამების ფაქტზე წინა ხელისუფლების დროს გამოძიება დაიწყო, მაგრამ ვერ დადგინდა, ვისგან იქნა ნაწამები და ეს ფაქტი ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დადგინდა.

„ამ ხელისუფლებას უკვე შვიდი წელია აქვს დრო, რომ ჩაატაროს გამოძიება, მაგრამ ეტყობა, ეს ხელისუფლებაც ვერ ატარებს და ვერ ადგენს ამ ფაქტს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დატოვე კომენტარი