ლადო კახაძე შალვა შავგულიძეს - ხელისუფლებაში თქვენი დაბრუნების შემთხვევაში ქვეყანა ისევ ფუქსავატობას დაიწყებს, მაგრამ ამას ჩვენ არ დავუშვებთ
ლადო კახაძე შალვა შავგულიძეს - ხელისუფლებაში თქვენი დაბრუნების შემთხვევაში ქვეყანა ისევ ფუქსავატობას დაიწყებს, მაგრამ ამას ჩვენ არ დავუშვებთ

გამოდის თქვენი „მართლის მოუბარი“ პარტიის ერთ-ერთი წევრი, ჩემი წიგნიდან ამონარიდს კითხულობს და ამბობს, „მაღალი ქონდრის კაცები“ ლადო კახაძემ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილს დაუწერაო. ასეთი სიმართლით იაროს თქვენმა მოძრაობამ. ეს ჩემი დაწერილია, მაგრამ იცით, როდის არის დაწერილი?! – 2007 წელს. ჯერ ერთი, ის არ იწყება „მაღალი ქონდრის კაცებით“. მაღალი ქონდრის კაცი ახლაც მაღალი ქონდრის კაცია. უბრალოდ, სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, რადგან ქვეყანა აღარ აქვს. ის ასე იწყება – „ქვეყანა ისევ ფუქსავატობს“ და ხელისუფლებაში თქვენი დაბრუნების შემთხვევაში ქვეყანა ისევ ფუქსავატობას დაიწყებს, მაგრამ ამას ჩვენ არ დავუშვებთ, – აღნიშნული განცხადება ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში გამართულ დებატებში მონაწილე ოპონენტის, შალვა შავგულიძის მისამართით გააკეთა.

ქვეყანაში სამართლის არარსებობასთან დაკავშირებით შალვა შავგულიძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სამასამდე შეხვედრა აქვს ჩატარებული და შეხვედრების ფარგლებში უამრავ ადამიანს შეხვდა, მაგრამ სამართლის მიმართ უკმაყოფილება მათგან არც ერთხელ არ გაუგია.

„მთაწმინდელების მხრიდან არც ერთი შეკითხვა არ დასმულა; არც პროტესტი გამოუთქვამთ და არც დაუჩივლიათ, მაგრამ ის კი მითხრეს, ის საკითხი მოგვიგვარეთ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენს სახლებს პანტა-პუნტით რომ მიაკრეს ისტორიული კუთვნილება და მერე ჩაუსაფრდნენ, როდის დაინგრეოდა, რომ ინვესტორის ჭკუაზე გამოვესახლებინეთო; დაგვეხმარეთ იმის მოგვარებაში, სახლები რომ გვენგრევა და კომუნიკაციები არ არისო; ვიცით, ამის ხმამაღლა განცხადება და ჩვენი თანადგომა ხელგეწიფებათ, რადგან საკრებულოდან ამდენი ინფორმაცია მოგაქვთ და ოცი წლის წინ თქვენ მიერ დაწყებული საქმეები არ გაჩერებულაო“, – განაცხადა კახაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა კონკრეტული ინიციატივების დასაყენებლად მიდის პარლამენტში იმ მოკლე ვადაში, რაც შუალედურმა არჩევნებმა მისთვის გაამწესა, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ის ამ პრობლემების მოსაგვარებლად ნორმატიული აქტების შეთავაზებას აპირებს მთაწმინდელების სახელით, რადგან ის მთაწმინდელთა წარმომადგენელი იქნება, მაგრამ ძალა მთაწმინდელები არიან.

„მე მათი მოლაპარაკე ინსტრუმენტი ვარ. მთაწმინდელები გენიალური, განათლებული ხალხია და ამ პროექტების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში თვითონ მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას, რადგან ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ, ყველანი ერთად შევდივართ პარლამენტში“, – განაცხადა ლადო კახაძემ.