ლადო კახაძე - სალომე ზურაბიშვილი თუ მოღალატეა, მეც მოღალატე ვარ მასთან ერთად
ლადო კახაძე - სალომე ზურაბიშვილი თუ მოღალატეა, მეც მოღალატე ვარ მასთან ერთად

სალომე ზურაბიშვილი თუ მოღალატეა, მეც მოღალატე ვარ მასთან ერთად, – ამის შესახებ ექიმმა ლადო კახაძემ რუსთაველის თეატრში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. ლადო კახაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს.

„ვიფიქრე, როგორ დამეწყო ჩემი დღევანდელი სიტყვა და ძალიან ადვილად – უფლის ნებით, დედის სხეულგამოტარებულო სიყვარულის ნაყოფო, თქვენ მინდა, მოგესალმოთ, დედის სხეულგამოტარებულნო, ხაზს ვუსვამ, უპირატესნო. ქალთან ახლოს ვერავინ მივა, ვერასოდეს. ცოტა ხნის წინ, აქ იდგა შესანიშნავი ასული, რომელიც თქვენ მოგმართავდათ, იქ ვიჯექი და თავში გამიელვა, მანქანის სწორად და უსაფრთხო ტარებისათვის საქარე მინაზე წინმსვლელ მანქანას უკანა ხედვის სარკე აქვს, რა ადვილია ისეთი მანქანის ტარება, სადაც ისეთი უკანა ხედვის სარკე იყო, როგორიც ამ დიდებულ ასულს ჰქონდა, ის სასწაული წარსული, როცა უკან გაიხედავს იმას ხედავს. რატომ მოდის? რა უნდა თქვენთან? რა უნდა მეზობლებთან, მტერ-მოყვარესთან? ერთ ქართველ, კლასიკოს პოეტს ასე აქვს დამთავრებული ერთი ლექსი, ჰამლეტის არ იყოს, „შესული ხანში ვაწებებ ჟამთა სვლის გაწყვეტილ კავშირს“ – დიახ, ამ გაწყვეტილი კავშირის აღსადგენად, დასაწებებლად მოდის. თუ ის მოდის, მეც მასთან ვარ, თქვენც მასთან ხართ და სრულიად საქართველო შიგნით და გარეთ, ყველა მასთან არის, რადგან ჩვენ გვინდა აღდგენა, გატეხილი პირობების გამთელება, ღირსეული გაგრძელება მემკვიდრეობის, ეს იმ საქართველოს სჭირდება, რომელმაც იცის ქალის ფასი, დედის ფასი, შვილის ფასი, მეუღლის ფასი.

გამოსვლისას ქალბატონმა სალომემ აღნიშნა, რომ არაფერს ვკითხულობ გამოსვლისასო და ეს შესანიშნავი რამ არის, რადგან შენ შეგიძლია ანალიზი, სიტყვების გადაწყობა, ამ დროს არ ტყუი, გრიმი არ გჭირდება, როდესაც ნიღაბი არ გიკეთია, ადვილია ასეთ დროს ლაპარაკი. თუ ის მოღალატეა, მეც მოღალატე ვარ მასთან ერთად, თქვენც მოღალატეები ხართ. მის პასუხად ჩემს პასუხს გეტყვით, 2000 წლის წინ ნათქვამ სიტყვებს დავიხმარ: „რასაც არ კრძალავს კანონი, კრძალავს წესიერება, შენ რომ კანონი იმის უფლებას გაძლევდეს რაც გინდა გააკეთო, შენმა წესიერებამ ეს არ უნდა გაგაკეთებინოს“. მათ აქვთ უფლება, დაწერონ ყველაფერი, წესიერებაზე რა მოგახსენოთ. ვისთვის უნდა დაგვეჭირა მხარი თუ არა ქალბატონი სალომესთვის, დიახაც მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ასულს, რომელიც, თუ რამე იქნება, მანდილჩასაგდები სიტუაცია, მასზე უკეთ ამას ვერავინ შეძლებს. გახსოვთ სიტყვები? „მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები არა ჰყავსო? გვყავს ბატონებო მეზარბაზნეები, გვყვავს ბატონებო.

და ბოლოს, 28 ოქტომბერს, ძალიან გთხოვთ, ქალბატონო სალომე, თქვენი გამარჯვებით მომილოცეთ ჩემი დაბადების დღე“, – განაცხადა ლადო კახაძემ.