ლადო კახაძე - რამდენადაც ვიცი, არჩევნების წინასწარი მონაცემები არის ჩემთვის საიმედო
ლადო კახაძე - რამდენადაც ვიცი, არჩევნების წინასწარი მონაცემები არის ჩემთვის საიმედო

რამდენადაც ვიცი, არჩევნების წინასწარი მონაცემები არის ჩემთვის საიმედო, ამის შესახებ მთაწმინდაზე „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლადო კახაძემ საარჩევნო პროცესი დადებითად შეაფასა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„მივესალმები აქტიურობას და ყველა ადამიანს დიდ მადლობას ვუხდი, რომ დღეს შეწუხდა, მობრძანდა და თავისი აზრი დააფიქსირა.

დაველოდოთ, როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი. ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისთვის, დიდად საპატივცემულო იყო ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრა, ოპონენტთან შეხვედრა და მასთან ჩემი აზრის გაზიარება. ეს ყველაფერი საჯარო სივრცეში ყოველგვარი წესების დაცვით მოხდა.

ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავისი პატარა მინუსები ყველაფერს ახლავს თან, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ძიძგილაობა, ვიდრე შეურაცხყოფის მიყენება.

ვიხვეწებით ნელა-ნელა, მომდევნო არჩევნები კიდევ უკეთესი უნდა იყოს და შემდგომი არჩევნებიც ამაზე უკეთესი.

ჯერ არ გავცნობივარ წინასწარ მონაცემებს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, წინასწარი მონაცემები არის საიმედო ჩემთვის და კარგი მონაცემებია”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

დღევანდელ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.