ლადო კახაძე - მსოფლიომ თქვა, ქართველები ვინ ყოფილხართ, არ გიცნობდითო, ეს როგორ არ უნდა გიხაროდეს
ლადო კახაძე - მსოფლიომ თქვა, ქართველები ვინ ყოფილხართ, არ გიცნობდითო, ეს როგორ არ უნდა გიხაროდეს

ფინანსთა სამინისტრო ახლა ჩვენი მსახურია, მან თანხები, რომელიც შემოვა, ჯანდაცვის სამინისტროსთან და გამოცდილ ადამიანებთან ერთად, ყაირათიანად უნდა გადაანაწილოს, თუ ეს ასე არ მოხდება, პასუხის მოკითხვა დადგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო დახმარების მოზიდვას მხარს უჭერს.

„თუ გარე სამყარო ქვეყანას არ გენდობა, ფულს არ განდობენ. აქ საუბარია ქვეყნის პრესტიჟსა და იმიჯზე, როგორ გამოიყენებ. ბევრს არ მოსწონს დიდგორის ბრძოლა და ისტორია თავიდან გადაწერა, ასევე მეორე მსოფლიო ომი. ეს სხვა თემებია. ეს მერე მოვა, პანდემია რომ გადაივლის. მერე ვნახავთ, რამდენი ადამიანი, რომელიც დღეს გალექსილია, სხვანაირად დაიწყებს საუბარს, ეს ვიცი და ამას შეგუებულია ყველა ექიმი. ერთხელ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი და ზამთრის სეზონისთვის ფულის აკუმულირება იყო საჭირო – მარილი, ტექნიკა. ეს გავაკეთეთ, ბიუჯეტიდან ფული ჩავდევით, თოვლი არ მოვიდა. რატომო, ზოგიერთი მეუბნება“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

​მისივე თქმით, კორონავირუსების 20 ჯგუფი არსებობს, ახალმა კორონავირუსმა კი თავი ახლა გამოავლინა. კახაძის განმარტებით, ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს ხარჯები გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.

„მანამდე არ იყო, გგონიათ? – იყო, მაგრამ თავი გამოავლინა რაღაც გარემოების გამო. თავიდან კი არ შეიქმნა. ექიმები, სახანძრო დაცვა, პოლიცია, ფული ჩამქრალ შენობაში კი არ უნდა მისცე, იმის მარქაფი უნდა გქონდეს, შემთხვევითაც რომ მოხდეს, ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მთელი მსოფლიო ისე გვხედავს, რომ თუ ჩვენ ფულს მოგვცემენ, ამ ფულს აქ გამოვიყენებთ. ჩვენ გვთავაზობდნენ, ერთ-ერთი პორტისთვის ფული რომ აიღო კერძო, სახელმწიფომ გადააზღვიოსო. ესეც ხომ გვახსოვს? ასეთ თემაზე ნუ მალაპარაკებთ, არ მიყვარს. მე ვარ ექიმი“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მისივე თქმით, სამთავრობო სტრუქტურებმა თანხები მიზნობრივად უნდა გაანაწილონ, გადაცდომის შემთხვევაში კი პასუხისმგებელ პირებს პასუხი მოეთხოვებათ.

„ფინანსთა სამინისტრო ახლა ჩვენი მსახურია. მან თანხები, რომელიც შემოვა, ჯანდაცვის სამინისტროსთან და გამოცდილ ადამიანებთან ერთად ყაირათიანად უნდა გადაანაწილოს. თუ ეს ასე არ მოხდება, ყველანი აქ ვართ, ამის პასუხის მოკითხვა დადგება და ვაი, მას, ვინც მონაწილეობას გადაცდომაში მიიღებს“, – აღნიშნა კახაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული სიმბიოზი მოხდა.

„კერძო სექტორი ერთ დაძახებულზე გამოვიდა და აბა, გვითხარით, რა გინდათ – აპარატებს მოგახმართ, კლინიკას დაგიცლით, აგერ ვიქნებითო. კერძო სექტორი, როგორც ერთი, სახელმწიფოს ისე დაუდგა. კერძო სექტორი რამ შექმნა? – სახელმწიფო გარანტიამ საყოველთაო დაზღვევის. კერძო სექტორი ავადმყოფის ბიუჯეტზე და ჯიბეზე იყო მიბმული? ავადმყოფები სახლებს ყიდნენ, სახელმწიფომ, დიახ, ხელისუფლებამ გააჩინა საგარანტიო თანხა, კერძო სექტორმა ფრთები გაშალა და სესხიც აიღო, იცოდა, რომ საქმეს სახელმწიფო გააკეთებდა. გაურკვევლობები ხდება, გული მეც მტკივა. გაყოფილი კი არ ვარ, სული და სხეული ჩემია. საქართველოში კი არა, საბჭოთა კავშირში მომსახურების პირველი ფასი მე დავადგინე. იმ ადამიანებს ვაღმერთებ, თავის გამოცდილებას ადამიანებს როგორ უძღვნიან და ემსახურებიან, კერძო სექტორს პატივს ვცემ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მსოფლიომ აღიარა, ხოლო ვინც ქვეყნისთვის დახმარების გადმოცემის წინააღმდეგია, რუსეთის საქმეს აკეთებს.

„არჩევნები ახლოვდება და მოსახლეს სხვა ჭრილში უყურებთ. გთხოვთ, მოსახლეს საარჩევნო ხმის ჭრილში ნუ შეხედავთ. გული მტკივა ამხელა ინტელექტი, გამოცდილება ტყუილად იხარჯება, რაღაც კინკლაობა-დავაში. ჰაერში ეკიდა 65 000-ქულიანი ადამიანები. მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციამ ამიტომ მოგცემთ ამ თანხასო. თუ თავი შენად არ გეყუდნის, ვალიც არ უნდა აიღო, ვალებს არავინ გაგვინულებს. ვიცი, რა ვალებს იღებდნენ, ის ვალები, პირდაპირ ჯიბეში რომ წავიდა და მერე ბიუჯეტმა უნდა ისტუმროს იმ არნაყიდი ტანკების, არნაყიდი თოფების, არნაყიდი თავდაცვითი საშუალებების. ნერვიული ურწმუნობა, ერთმანეთის დასუსტება ხდება, უარყოფითი მხარეების წინ წამოწევა. ვინც საქართველოს ასეთი დახმარების წინააღმდეგი არის, რუსების საქმეს აკეთებს. მსოფლიომ თქვა, ქართველები ვინ ყოფილხართ, არ გიცნობდითო, ეს როგორ არ უნდა გიხაროდეს?“, – დასძინა ლადო კახაძემ.

დატოვე კომენტარი