ლადო კახაძე - მინდა, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ და განვითარებამ
ლადო კახაძე - მინდა, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ და განვითარებამ

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ ხმა N11 საარჩევნო უბანზე მისცა. კახაძემ ჟურნალისტებსა და მთელ საზოგადოებას მშვიდობიანი დღე უსურვა.

„მინდა, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ, განვითარებამ და იმ ქვეყნის მთლიანობის აღდგენის იდეის გამარჯვებამ, რაც თითოეულ ადამიანზე, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისათვის. მივეცი ხმას იმას, რომ პირველი პრეცედენტი, რომელიც ჩატარდა საქართველოს ისტორიაში ასეთი გარემო, მშვიდი გარემო, ერთმანეთის პატივისცემის გარემო, ერთმანეთზე კარგად ორიენტირებული გარემო შენარჩუნდეს 2020 წლისა და შემდგომი არჩევნებისთვის. რაც მთავარია, მივეცი ხმა შენებას, განახლებას, სრულქმნას ალტერნატივა არა აქვს.

მთაწმინდელებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიური შეხვედრებისთვის და იმ ურთიერთობებისთვის ფორმისათვის, რაც ჩვენს შორის არსებობს წლების მანძილზე და ათწლეულების მანძილზე. იმედია, ეს ურთიერთობები არასდროს არ გაფუჭდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა კახაძემ.

დეპუტატობის კანდიდატმა ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„ყველაფერი, რაც სტაბილურობის საწინააღმდეგო ქმედებაა, მერწმუნეთ, ეს არის ინსპირირებული, ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ინტერესი – აირიოს და დაიძაბოს სიტუაცია. ჩვენ ვართ დიდი გამარჯვების წინაშე. ქვეყანა, რომელიც არის დამოუკიდებლად ასოცირებული ევროკავშირში, მის სტრატეგიული პარტნიორების მიმართებით ევროატლანტიკური სივრცისკენ, ეს არ მოსწონს იმ ქვეყანას, რომელიც ჩვენი ჩრდილოეთით არის განლაგებული და ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ერთმანეთის სიძლიერე და პოტენციალი არა საერთო საქმისთვის, არამედ ერთმანეთის საპირისპიროდ გამოგვაყენებინოს. უნდა გვეყოს გონიერება ამ პროვოკაციას არ ავყვეთ არავინ“, – განაცხადა კახაძემ.

პარლამენტის შუალედური არჩევნები მხოლოდ ერთ, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში ტარდება. მთაწმინდის მაჟორიტარობის სურვილი 20 კანდიდატს აქვს.

დატოვე კომენტარი