ლადო კახაძე - მეორე ტურში ამომრჩევლების გააქტიურების ხარჯზე წარმატების იმედი გვაქვს
ლადო კახაძე - მეორე ტურში ამომრჩევლების გააქტიურების ხარჯზე წარმატების იმედი გვაქვს

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს, ლადო კახაძეს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.

როგორც კახაძე ამბობს, ძირითადი სტრატეგია იმ ამომრჩეველზე მუშაობაა, რომლებიც 19 მაისს არჩევნებზე არ მივიდა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების მექანიზმები სახელისუფლო კანდიდატს მეტი აქვს. კახაძე ფიქრობს, რომ მთაწმინდელები ამ გარემოებას გაითვალისწინებენ.

,,ამომრჩევლებზე – „ის მაინც გაიმარჯვებს” პრინციპი მუშაობდა. მეორე ტურში ეს პრინციპი შეიცვლება, რადგან ძალიან ბევრი აქტივობა გამოჩნდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს როგორც პირადი ურთიერთობები, ასევე სოციალური ქსელი. ძალიან მეხმარება უამრავი ინდივიდუალური გამოხმაურება”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

კითხვაზე – მისი კონკურენტის, შალვა შავგულიძის მეორე ტურში გადასვლა, უკავშირდება თუ არა მოსამართლე ლევან მურუსიძის ფაქტორს, კახაძე ყოფილი ხელისუფლების პერიოდში არსებულ მდგომარეობას იხსენებს და ამბობს:

,,იმ პერიოდში დაავადებული და პატივაყრილი იყო სამივე შტო: აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო. ამ პერიოდში ძალიან ადვილი იყო შეცდომების დაშვება. თავისუფლად შეიძლებოდა თავის გამართლებისთვის იმის თქმა, რომ შენ ამას გაიძულებდნენ. დიახ, ამითი დაავადებული ადამიანი ჯერ კიდევ გადმოჰყვა ამ სისტემას. სისტემა გაიწმინდება, მაგრამ არა იმ გზით, როგორც ცდილობს მავანი და მავანი. მდინარე თვითდინებით იწმინდება და ეს აუცილებელი პროცესია, მდინარეში ქლორს არ ყრიან. მათ, ვისაც ხალხი მისცემს პირველი სიტყვის თქმის ნებას, ქვეყანა ამ სტაბილურობის, სრულყოფის და განვითარების განცდით უნდა ვატაროთ”.

მთაწმინდაზე ყველა საარჩევნო უბნის ბიულეტენების დათვლის შედეგად, ლადო კახაძემ ხმათა 41 პროცენტი (6036 ხმა) მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ 36.83 პროცენტი (5422).

მეორე ტური სწორედ კახაძესა და შავგულიძეს შორის გაიმართება.