ლადო ბურდული - „ნეფტჩისთან“ „დინამოს“ გამარჯვებას ნაადრევად ნუ გამორიცხავთ #1TVSPORT
„დინამო თბილისისა“ და ბაქოს „ნეფტჩის” ყოფილმა ნახევარმცველმა ლადო ბურდულმა „აზერისპორტთან“ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ გუნდების პირველ მატჩზე ილაპარაკა, რომელიც ბაქოელებმა 2:1 მოიგეს.
„ეს იყო ორი ძალიან კარგი გუნდის მატჩი. ორივე გუნდში მითამაშია, ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო შეხვედრა იყო. კახა ცხადაძე ახლახან გახდა „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი და ჯერ ბევრის შეცვლა ვერ მოახერხა. „დინამოს“ კარგი ეპიზოდები ჰქონდა. იყო 20-წუთიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში თბილისელებს 2-3 გოლის გატანა შეეძლოთ. ალბათ, „ნეფტჩის“ უფრო გაუმართლა. „დინამომ“ კი საკუთარი შანსები ვერ გამოიყენა და ეს გუნდი, სამწუხაროდ, თავის თამაშს ჯერ არ აჩვენებს. იმედია, რომ ცხადაძე კარგ გუნდს შექმნის“, – ამბობს ბურდული.
ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ბაქოში „დინამოსგან“ „ქამბექს“ არ გამორიცხავს:
„შანსი ორივე გუნდს ექნება. ამ დუელში „დინამოს“გამარჯვების გამორიცხვა ნაადრევია. ერთი დონის გუნდებია და მოიგებს ის, რომელიც ბურთის გაკონტროლებას და მოგების მეტ სურვილს გამოავლენს. იმედია, „ნეფთჩიში“ არ გამინაწყენდებიან, მაგრამ მათგან მეტს ველოდი, რადგან ადრე ძლიერი გუნდი გვყავდა. „ნეფთჩი“ არის აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანი და უფრო ძლიერი უნდა იყოს. ვის ვგულშემატკივრობდი? რა თქმა უნდა, „დინამოს“, რომელიც ჩემთვის ყველაფერია“.
მისი თქმით, ცხადაძემ კარგად იცის აზერბაიჯანული ფეხბურთი და განმეორებით თამაშამდე ეს თბილისელებისთვის უპირატესობაა:
„კახა ძალიან კარგი მწვრთნელია და რაც დრო გადის, მეტ გამოცდილებას იძენს. მისი ჩვენ ყველას გვჯერა. კახა მოთამაშეებს სწორად არჩევს. აქვს ძალიან კარგი საფეხბურთო გემოვნება. გვჯერა, რომ ის ძლიერ „დინამოს“ შექმნის“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „დინამოსა“ და „ნეფტჩის” შორის ბაქოში 14 ივლისს გაიმართება.