ლადო ბოჟაძე - ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაინტერესებული, დარჩეს შერეული საარჩევნო სისტემა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 77/73-ზე
ლადო ბოჟაძე - ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაინტერესებული, დარჩეს შერეული საარჩევნო სისტემა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 77/73-ზე

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“  შეთავაზებას უფრო მეტი დადებითი ეფექტი შეიძლება მოჰყვეს, რადგან იქნება არა მრავალმანდატიანი ოლქები, არამედ შემცირებული მაჟორიტარული მანდატები, – ამის შესახებ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემა ახლა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და საუბარი ყველა შემთხვევაში კვლავ შერეულ საარჩევნო სისტემაზე მიმდინარეობს.

„ერთი მხრივ, ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას ოპოზიციის შეთავაზებასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ მოდიფიცირებულ გერმანულ მოდელს, ე.წ. უსუფაშვილი-ვაშაძის მოდელს, სადაც 73 მაჟორიტარული ოლქი უნდა დარჩეს, მაგრამ სასურველი იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი. ასეთ შემთხვევაში,  წარმოუდგენელია, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მაჟორიტარული ოლქი მოიგოს. მაშინ მას უნდა ჰქონდეს 100-პროცენტიანი გარანტია, მოსახლეობის 100-პროცენტიანი მხარდაჭერა, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ოპოზიციის მცდელობა, მინიმუმ შემცირდეს მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა, რისი მოგებაც შეუძლია „ქართულ ოცნებას“, იგივე მიზანს ემსახურება „ქართული ოცნების“ შეთავაზება, რომელზეც საუბარია – 100/50-ზე“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 2008 წლის მარტამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე შეიცვალა მაშინდელი კონფიგურაცია.

„თუმცა კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში უკვე განაწილებული გვქონდა 100/50-ზე და მაშინაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცვალა ეს მაჟორიტარების სასარგებლოდ, რადგან მაშინაც ცხადი იყო, რომ ერთსა და იმავე რესურსისა და ძალის შემთხვევაში, შეგიძლია წაიღო 50 მანდატი, ან თუ შეცვლი კონსტიტუციას – 73 მანდატი. ამიტომ ახლა „ქართული ოცნების“ შეთავაზებას უფრო მეტი დადებითი ეფექტი შეიძლება მოყვეს იმ თვალსაზრისით, რომ აქ იქნება არა მრავალმანდატიანი ოლქები, არამედ შემცირებული 23 მანდატი, რომელზეც  „ქართულ ოცნებას“ გარანტირებულად თუ შეეძლო მოეგო, უარს ამბობს და ყველაზე მთავარი – ის 23 მანდატი ემატება პროპორციულ ნაწილს, როცა პოლიტიკურ პარტიებს იგივე მხარდაჭერისა და იმავე პროცენტების შემთხვევაში, შეუძლიათ მეტი მანდატი მიიღონ არა 77-დან, არამედ 100-დან“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

ლადო ბოჟაძე ვარაუდობს, რომ არაფერი შეიცვლება, რადგან მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდეს.

„ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ რეალურად არაფერიც არ შეიცვლება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე აქტიურია ამ ფონზე და ითხოვს საარჩევნო სისტემის შეცვლას, ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, დარჩეს შერეული საარჩევნო სისტემა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 77/73-ზე. წინა არჩევნებმა გვაჩვენა, სადაც საარჩევნო ოლქების 2/3-ში გვქონდა მეორე ტურები, ყველგან „ნაციონალური მოძრაობა“ იყო „ქართული ოცნების“ ერთადერთი კონკურენტი. ახლაც სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია გადაყვეს მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ და თუ ოპოზიცია შეძლებს, უკვე მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის გარშემო გაერთიანებას, ასევე წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ამასთან, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოთხი-ხუთი პოლიტიკური პარტია უპრობლემოდ გადალახავს სამპროცენტიან ბარიერს და თუ პროპორციულ ნაწილში 77 მანდატი დარჩება, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც გადალახავენ ბარიერს, გაცილებით ნაკლები მანდატი მოუწევთ, ვიდრე 100 მანდატიდან მოუწევდათ.

„აქედან გამომდინარე, პროცესები, რომლის გააქტიურებასაც ხვალიდან ველოდებით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა. ველოდები გაცილებით დაძაბულ და პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.