ლადო ბოჟაძე - სამწუხაროდ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის გახსნა დავინახე
ლადო ბოჟაძე - სამწუხაროდ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის გახსნა დავინახე

ეს პროცესი ძალიან კარგად დავიწყეთ და ამ მიმართულებით ახალგაზრდობის ჩართულობა ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის გახსნა დავინახე, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიხსნა, – ამის შესახებ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ითქვა – ახლა, ჩვენ წავალთ, მთელ საქართველოს მოვედებით და ყველას გავაგებინებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმა არ მისცენ. ანუ, გაცხადდა ამ აქციების პოლიტიკური მიზანი. სხვათა შორის, ეს იმ ახალგაზრდებისგან გაისმა. ისევ იმაზე კი არ წავიდა ლაპარაკი, რომ ხვალ, ჩვენ საზღვრისპირას, სხვა აქციებთან წავალთ და სხვა რამეს გავაკეთებთო, არა, წავალთ, მინისტრებს, დეპუტატებს და სხვებს დავუსტვენთო. იმიტომ, რომ ყველას გავაგებინოთ, ხმა „ქართულ ოცნებას“ არ მისცენო“, – განაცხადა ბოჟაძემ. 

მისი თქმით, გავრილოვთან დაშვებულმა შეცდომამ ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“ საშუალება მისცა, ანტიოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლად თვითონ გამოსულიყვნენ.

„გეგონება, მათი პასუხისმგებლობა არ არის იმაზე, რასაც აგერ, დიდი ხანია ვაპროტესტებთ. მანამდე, არასოდეს არ მახსოვს მაისურებზე წითლად მონიშნული აფხაზეთი და სამაჩაბლო, რადგან თუ მაშინ ამას ჩაიცვამდნენ, ყველა ეტყოდა – არ გრცხვენიათ, ამის ჩაცმას როგორ ბედავთო?!“, – განაცხადა ბოჟაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გამოცდილება მიიღო საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა აქციებიდან და ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებიდან, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ ის ისწავლა, თუ ქუჩაში გამოვა, ხელისუფლება უფრო ადეკვატური გახდება.

„საზოგადოებამ ყოველთვის იცი, როდის და სად უნდა გამოვიდეს. ჩვენ ყოველთვის გამოვალთ და დავდგებით, მაშინ, როცა ამის საჭიროება დადგება, მაგრამ როცა პოლიტიკოსები ბევრ ადამიანს დაინახავენ, ეგონებათ, მათ გამო მივედით და შეეცდებიან, მიკროფონთან აძვრნენ, ზუსტად ის საკუთარი მრევლი რჩებათ, ვინც ჰყავდათ“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.