ლადო ბოჟაძე - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის უწყებათაშორის კომისიასთან პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია
ლადო ბოჟაძე - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის უწყებათაშორის კომისიასთან პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების, მათი წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობა უწყებათაშორის კომისიასთან, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

როგორც ლადო ბოჟაძემ აღნიშნა, კომისია არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების უკანონოდ განკარგვის, აგიტაციისა და ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევის შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება.

„ის, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ამ პროცესში აღარ არის ჩართული, ეს ჯანსაღ პროცესს ნამდვილად ვერ წაადგება. რაღაცა ნაწილი პოლიტიკური პარტიების დარჩა ამ პროცესში. სამოქალაქო სექტორის ნაწილი, კომისიას საერთოდ რომ არ დაესწროს არც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და არც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, კომისია ვალდებულია, მათ შორის მედიაში გასული სიუჟეტების მიხედვით, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ფაქტობრივად არ ყოფილა თემა, რომელიც კომისიის რეკომენდაციაში არ ყოფილიყოს ასახული. ვფიქრობ, ეს ბერკეტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. არჩევნებამდე 16 დღეა დარჩენილი და დარწმუნებული ვარ, რომ იმ სახის დარღვევები და პრობლემები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, კიდევ უფრო გააქტიურდება. ვფიქრობ, ეს დღეები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, რათა არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.