ლადო ბოჟაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, პატარა პარტიები პოლიტიკური ველიდან გაქრნენ
ლადო ბოჟაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, პატარა პარტიები პოლიტიკური ველიდან გაქრნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, პატარა პარტიები პოლიტიკური ველიდან გაქრნენ, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არჩევნებამდე მათ განცხადებებს თუ დააკვირდებით, უფრო მეტად ოპოზიციის კრიტიკა იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“. თუ რიგგარეშე არჩევნები იმავე საარჩევნო სისტემით ჩატარდება, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, ელექტორატს დაკარგავენ და ეს ხმები ავტომატურად წავა „ნაციონალური მოძრაობასთან“. როდესაც პატარა პარტიები ითხოვენ, 2024 წლის საარჩევნო სისტემა და ბარიერი შეიცვალოს, ეს კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე როგორ უნდა გაკეთდეს?! – ვერანაირად. ვინ შეიძლება, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ამ ცვლილებების გარანტი იყოს?! – მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ახლა თვლის, რომ არჩევნები კი არ გაუყალბა ვინმემ, არამედ ხმები წაართვა ვაშაძემ, „გირჩმა“, „ევროპულმა საქართველომ“ და ა.შ. მერე რა რომ, სამი, ოთხი და ხუთი პროცენტი იყო?!“, – განაცხადა ბოჟაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აცნობიერებენ თუ არა ამ საფრთხეს ოპოზიციური პარტიები, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რომ ბუნებრივია, აცნობიერებენ, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რის გამოც ისინი ვერ ბედავენ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წასვლას, რომელიც ფაქტობრივად, ოპოზიციის ლიდერია, რომელიც თბილისში იმყოფება, მეორე ლიდერი კი კიევშია.

„მე არ ვიცი, ახლა რა უჭირავს სააკაშვილს ისეთი, რის გამოც ესენი შესვლას ვერ ბედავენ. იგივე „ლელოსთან“ მიმართებაში ვამბობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ „ლელოზე“ რაღაც „კომპრომატები“ აქვს, ანუ, რასაც ედავება – იქ თანხის გათეთრებაზეა ლაპარაკი, ანაკლიის თემა და ა.შ, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, „ლელოს“ ლიდერებს რა პრობლემა აქვთ და ჰქონდათ „ნაციონალურ მოძრაობასთან?!“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისი თქმით, პატარა პარტიებმა იციან, რომ უკვე ათ თვეში 4%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა ბევრ მათგანს ექნება და ხელისუფლებას ბარიერის დაწევაზე ესაუბრებიან.

„რატომ ნერვიულობენ 2024 წლის არჩევნებზე ბარიერის დაწევაზე?! შენ თუ ფიქრობ, რომ სამი კი არა, შვიდი და რვა პროცენტი გქონდა, რაღაც ჟვანიამ წაგართვა და ვიღაცამ რაღაც გაგიყალბა, 2024 წელს ამას ხომ ვერ გაგიბედავენ და ახლა რატომ იკლავ თავს?! იმიტომ, რომ კარგად იციან, რეალობა რაც არის. რეალობა მხოლოდ ორი იქნება – ერთი ის, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევა, კონსტიტუცია არ შეიცვლება. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება თუ არა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ თუ ჩატარდება, ამავე სისტემით ჩატარდება და იქ უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ გაიმეორებს იმ „შეცდომას“, რაც მანამდე დაუშვა, რომ საკუთარი ხმები ვინმეს გაატანოს. ვინ იქნება 2024 წლის პარლამენტში?! – მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, – განაცხადა ბოჟაძემ.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზე გავიდა და მან თავისი ამოცანა შეასრულა – მესამე ადგილზე გასულ „ევროპულ საქართველოს“ რვა ნახევარჯერ უგებს და თითქმის, ორჯერ უგებს მთელ დანარჩენ ოპოზიციას, ვინც ბარიერი გადალახა.

„იქიდან თუ გამოვაკლებთ „პატრიოტთა ალიანსს“, იგივე ელისაშვილს და ასე შემდეგ, რომლის ამომრჩეველიც ელექტორალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არ იყო, გამოდის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მინიმუმ, 35-40% უნდა აეღო, თუ ესენი ასე ვთქვათ, ფეხებში არ გამოებლანდებოდნენ და ესენი 2024-ში ფიზიკურად ვეღარ მივლენ, ან შეიძლება, საერთოდ ვერ მივიდნენ და გაქრნენ. ახლა რომ გავიხსენოთ, 2008-ში ვინ არ შევიდა პარლამენტში, შეიძლება, ვერც გავიხსენოთ; იმიტომ კი არა, რომ ცუდი მეხსიერება გვაქვს?! იმიტომ, რომ ის ხალხი პოლიტიკაში აღარ არის. ის ადამიანები, რომლებმაც ერთი, ორი და სამი მანდატი აიღეს, ისევე გაქრებიან, როგორც არჩევნებამდე გაჩდნენ. ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არსად არ ეჩქარება; მას აქვს ტელევიზია, ფინანსური რესურსები, რეიტინგი და სააკაშვილი ჰყავს, რომელსაც თავისი ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს. როცა ნახევარი მილიონი ადამიანი უკვე ლამის, სახელებით და გვარებით იცი, ვისაც არც „ქართული ოცნება“ უნდა, არც „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ხალხს ეუბნები, რასაც მიშა კიევიდან მეტყვის, ისე მოვიქცევიო, ის ხალხი მიხვდება, რომ დააშავა, როცა რომელიმე მათგანს ხმა მისცა“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ ხვალინდელ სხდომაზე რომელიმე ოპოზიციური პარტიის შესვლას არ ელოდება, რადგან ეს პირველი სხდომაა და იქ ვინმეს დემონსტრაციული შესვლა იმწუთასვე მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება, მაგრამ მომავალში შესაძლოა, ისინი სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.

„ბევრი ასე აღიქვამს. თუმცა, პარლამენტში შესვლა კი არ იქნება მათი პოლიტიკური კარიერის დასასრული, არამედ პირიქით, არშესვლა. იმიტომ, რომ როგორც კი სააკაშვილი ამ მიზანს მიაღწევს, არც ერთს აღარ დაელაპარაკება“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.