ლადო ბოჟაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდგომ რევოლუციისთვის ემზადება
ლადო ბოჟაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდგომ რევოლუციისთვის ემზადება

ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდგომ რევოლუციისთვის ემზადება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ აქციები და რა თქმა უნდა, ამ საკითხს მასობრივი მხარდაჭერა არ აქვს, საზოგადოება არ არის მზად რევოლუციისთვის, მაგრამ თუ ოპოზიციამ და მის მიერ კონტროლირებულმა მედიამ ამომრჩეველი დაარწმუნა და ამ პროცესში საერთაშორისო აქტორებიც ჩაერთნენ, თუ აღმოჩნდება, რომ 31 ოქტომბერმა ის შედეგი არ მოიტანა, რაც თითქოს, ხალხს უნდოდა და ეს იმის დამსახურებაა, რომ სისტემა არ ვარგა, შესაძლოა, ადამიანებს განწყობები გაუმძაფრდეთ და უფრო მასშტაბური აქციები მივიღოთ, რაც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის არ იქნება კარგი“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისი თქმით, ერთადერთი, ვისაც ოპოზიციურ ფლანგზე ისეთი სისტემის დატოვება აწყობს, როგორიც დღეს გვაქვს, არის „ნაციონალური მოძრაობა“.

„ასეთი სისტემის დატოვების შემთხვევაში ის სრულად მოახდენს იმ პარტიების მობილიზებას, რომლებიც მას დასჭირდება. ამ თვალსაზრისით სრულიად გაწმენდს პოლიტიკურ ველს და შეეცდება, ყველა ანტი ოცნების ხმები წაიღოს“, – განაცხადა ბოჟაძემ. 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ პოლიტიკური პარტია არ არის და ამაში უნდა მოვიაზროთ მედიასაშუალებები, სამოქალაქო სექტორი, ადგილობრივი, თუ საერთაშორისო მხარდაჭერა და ა.შ.

„ამიტომ, ამ პარტიის გაქრობა ასე ადვილად და მარტივად ვერ იქნება, როგორც ამბობენ. სწორედ ამიტომ იყო ჩემი პოზიცია პროპორციულ სისტემასთან და განსაკუთრებით, ნულოვან ბარიერთან მიმართებაში, რომ ერთჯერადად, გაგვეხსნა პოლიტიკური სივრცე, რათა პარლამენტში სხვადასხვა პარტიები მოსულიყვნენ და გვენახა, ვინ ვართ“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არ გააქტიურდება მესამე ძალა, რომელსაც ამომრჩეველი ეძებს, 2020 წელს კიდევ უფრო მძიმე წელი გველოდება.

„რაკი ეს სისტემა არ მივიღეთ, არ მინდა, კიდევ უფრო მუქ ფერებში გავაგრძელო, მაგრამ 2020 წელს კიდევ უფრო მძიმე წელი გველოდება, კიდევ უფრო პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო კამპანია, თუ თავად არ გააქტიურდება მესამე ძალა, რომელსაც ამომრჩეველი ეძებს. თუ ამ ორმა ძალამ დაინახა, რომ შეიძლება, მესამე ძალა მოვიდეს, ეს მესამე ძალა აუცილებლად გახდება ორივე ძალის სამიზნე“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია და „ქართულ ოცნებას“ ექნება რესურსი, კომპრომისზე წავიდეს, იქნება ეს „100-50-ზე მოდელი“, თუ სხვა.