ლადო ბოჟაძე - მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ რამდენიმე დღეში შეისწავლა უამრავი მასალა და დადგინდა, რომ „კამიტი“ არ გვაქვს, არც გამოგვიყენებია და არც მომავალში გამოვიყენებთ
„ბიბისის“ მიერ გავრცელებული ფილმის მიზანი იყო ერთადერთი, რომ, მათ შორის, ქვეყნის შიგნით ამას მოჰყოლოდა გარკვეული რეაქციები, შეიძლება, აქციების მასშტაბის გაზრდა და, რაც ყველაზე მთავარია, შეფასებები ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ, ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში შეისწავლა უამრავი მასალა და დადგინდა, რომ შსს-ს ასეთი ნივთიერება არც აქვს და არც გამოუყენებია.
„ფილმი ბოლომდე არც იყო ეთერში გასული, რომ უკვე მოვისმინეთ უილსონის, რასა იუკნევიჩიანეს და სხვების განცხადებები, რომლებიც მანამდეც გამოირჩეოდნენ ჩვენი ქვეყნის მტრობით. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერების, „კამიტის“ ხსენება იმას უკავშირდებოდა, რომ ევროპაში განსაკუთრებულად მოხვედროდათ ყურში საზოგადოებასაც და პოლიტიკურ წრეებსაც. საქართველოს არც 2007-ში, არც 2009-ში ასეთი ნივთიერება არ შეუსყიდია. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ, ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში შეისწავლა უამრავი მასალა და დადგინდა, რომ ჩვენ ასეთი ნივთიერება არც გვაქვს, არც გამოგვიყენებია და არც მომავალში გამოვიყენებთ. ყველა ის საშუალება, რომელიც გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ სხვადასხვა აქციის დროს, იყო ის ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. ეს იყო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანების კიდევ ერთი მცდელობა. ის, რაც ვიხილეთ, იყო კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული. სამწუხაროდ, ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები. გამოძიება ბევრი მიმართულებით მუშაობს და, მათ შორის, უნდა გაგრძელდეს მუშაობა იმ მიმართულებით, თუ რატომ ცდილობენ საქართველოს მოქალაქეები, ითანამშრომლონ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და მაქსიმალურად დააზიანონ საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი ხალხი“, – განაცხადა ბოჟაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ე.წ. კამიტი შსს-ს არასდროს შეუძენია და 2024 წლის 4-5 დეკემბრის აქციაზე გამოყენებული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას.