ლადო ბოჟაძე - ამ პარლამენტს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში და ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უმრავლესობაში ლეგიტიმაციის არანაირი პრობლემა არ აქვს
ლადო ბოჟაძე - ამ პარლამენტს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში და ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უმრავლესობაში ლეგიტიმაციის არანაირი პრობლემა არ აქვს

ამ პარლამენტს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში და ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უმრავლესობაში ლეგიტიმაციის არანაირი პრობლემა არ აქვს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საქმე გვაქვს არა პარლამენტის ლეგიტიმაციასთან, არამედ ქვეყანაში დემოკრატიის ლეგიტიმაციასთან. საუბარია იმაზე, რომ 2020 წელს სახელმწიფო, რომელსაც უვიზო მიმოსვლა აქვს, ამერიკასთან პარტნიორობა დიდ სიმაღლეზეა, 2024 წელს აპირებს, ევროკავშირის ნამდვილი წევრობისთვის მიმართოს და ა.შ, თურმე, არჩევნებს აყალბებს, რაც დოკუმენტურად, თავად ოპოზიციამაც კი ვერ დაადასტურა. თავიდან იყო საუბარი, რომ ეს პირველადი განცხადებებია, მაგრამ უკვე 20 დღე გავიდა და ეუთო-ს, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებები იგივეა. ამიტომ, ამ პარლამენტს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში და ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უმრავლესობაში ლეგიტიმაციის არანაირი პრობლემა არ აქვს. პრობლემა აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც სჯერა, თითქოს, ხმა წაართვეს და ჩვენ ვნახეთ ასეთი რამდენიმე ათასი ადამიანი“, – განაცხადა ბოჟაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის რესურსი, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რომ დიალოგის რესურსი ალბათ, არსებობს და ძალიან კარგია, რომ ორი რაუნდი შედგა, მაგრამ მთავარია, რა შეიძლება, იყოს მოლაპარაკების საგანი.

„26-ში მესამე რაუნდი შედგება, მაგრამ მთავარია, რა შეიძლება, იყოს მოლაპარაკების საგანი და რამ შეიძლება, მოიტანოს შედეგი. მთავარი ხაზგასმა – თქვენ გახსოვთ, რომ აშშ-ის საელჩოში ორივე რაუნდზე დაიბარეს მხოლოდ ის პარტიები, რომლებმაც ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს. ეს კიდევ ერთი ხაზგასმა იყო, რომ აშშ, ევროკავშირი, ეუთო აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს და ახლა, ამ თვალსაზრისით ოპოზიციას რჩება ერთადერთი ლეგიტიმური გამოსავალი, პარლამენტში შევიდეს“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე პარტიის რამდენიმე ათასი ამომრჩევლის გარდა, ნახევარი მილიონი ადამიანი ტყუილად გაისარჯა, რადგან აღმოჩნდა, რომ ისინი მაინც ორპოლუსიან რეჟიმში დარჩნენ.

„იმიტომ, რომ ერთ მხარეს დადგა ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა და მეორე მხარეს დადგა ხელისუფლება. თუ ამ ორპოლუსიანობიდან თავის დაღწევა გვინდა, სწორედ ეს ოთხი წელია ამის შანსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2024 წლის საარჩევნო სისტემას უბრალოდ, ვერ გავექცევით. კიდევ ერთი – 2021 წელს გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც პროპორციულ ნაწილში 20%-იანი საარჩევნო ბარიერი გვაქვს და წარმოიდგინეთ, ერთი წლის თავზეც შესაძლებელია, პროპორციულ ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საკრებულოში მხოლოდ ორი პარტია გვყავდეს. ამიტომ, პარტიებმა უნდა გამოიყენონ შანსი, რომელიც მათ ამომრჩეველმა, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ მეორე ტური ოპოზიციისთვის შანსია, მაგრამ ისინი ამ შანსს არ იყენებენ, რადგან იციან, რომ მეორე რაუნდშიც იგივე შედეგები დადგება, რაც პროპორციულ ნაწილში და დანარჩენ ოლქებში დადგა.

„როცა ახალ არჩევნებს ითხოვ და ხმების დათვლასთან გაქვს პრობლემა, წარმოიდგინეთ, 17 ოლქში ფაქტობრივად, ხელახალი არჩევნები იქნება და ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ ერთი-ერთში რჩება. „ქართულ ოცნებას“ 48% აქვს, ხოლო ჯამურად ოპოზიციას 52%. ერთი კინკილა ბიულეტენია დასათვლელი, სადაც ორი კანდიდატია ჩაწერილი. მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ამ 2 000 უბანზე თუნდაც, არითმეტიკულად ვინ გაბედავს, ორი მონაცემი არ და ვერ შეიყვანოს? ეს ხომ ზღაპარია?! არადა, ეს რეალური შანსია – 17-ვე ოლქი რომ მოიგონ, „ქართული ოცნების“ ამბავი დამთავრებულია და უმრავლესობა, 76 მანდატი ოპოზიციას ექნება, მაგრამ ოპოზიცია შანსს იმიტომ უშვებს, რომ იციან, იგივე შედეგები რომ დადგება, რაც პროპორციულში და დანარჩენ 13 ოლქში დადგა“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

დატოვე კომენტარი