„ლაციომ“ იტალიის სუპერთასი მეხუთედ მოიგო
„ლაციომ“ იტალიის სუპერთასი მეხუთედ მოიგო

„იუვენტუსი“ და „ლაციო“ ბოლო შვიდ წელიწადში ერთმანეთს იტალიის სუპერთასზე მეოთხედ ხვდებოდნენ. ტურინელებს ორი ფინალი ჰქონდათ მოგებული, რომაელებს – ერთი.

შეხვედრა საუდის არაბეთში მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში „იუვენტუსი“ ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ „ლაციოს“ შეტევები უფრო სახიფათო იყო და ერთ-ერთი იერიში მე-16 წუთზე გოლით დასრულდა. თავი გამოიჩინა ლუის ალბერტომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გადაცემით.

„იუვენტუსმა“ პასუხის გაცემა შესვენებამდე ერთი წუთით ადრე შეძლო: კრიშტიანო რონალდოს დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი პაულო დიბალამ იყოჩაღა.

შესვენების შემდეგ, მატჩის ხასიათი არ შეცვლილა. „იუვენტუსი“ ზემოქმედებას აგრძელებდა, მაგრამ შედეგი არ იყო. გოლები კი „ლაციოს“ გაჰქონდა. მეორე ტაიმის შუაში სენად ლიულიჩმა მეორედ გაიყვანა წინ თავისი გუნდი. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი კატალდის ულამაზესი ჯარიმით „ლაციომ“ საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 3:1.

რომაულმა კლუბმა მეხუთედ მოიგო იტალიის სუპერთასი და ამ მაჩვენებლით „ინტერს“ გაუთანაბრდა. „იუვენტუსმა“ ბოლო ოთხ წელწადში ეს თასი მესამედ წააგო.