ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ინგოროყვას კლინიკაში გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცს H1N1-ის ვირუსი ჰქონდა
ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ინგოროყვას კლინიკაში გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცს H1N1-ის ვირუსი ჰქონდა

ინგოროყვას კლინიკაში გუშინ გარდაცვლილ პირს H1N1-ის ვირუსი ჰქონდა, რაც ლაბორატორიულად დადასტურდა. ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მათთან ორი დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა საავადმყოფოში შეყვანისას მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო და ამიტომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინგოროყვას კლინიკის ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცია და მას ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა.

მიმდინარე სეზონზე, H1N1-ის გართულების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ განაცხადა, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევაში ვირუსი მინიმუმ ერთ სხვა დაავადებასთან ერთად მიმდინარეობდა.

მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევებში გარდაცვალება გამოიწვია გარკვეულმა დაავადებამ – ინფექციის გავრცელების პროცესში სხვა დაავადებაც იყო და ეს გახდა სიმძიმის განმსაზღვრელი.

სერგეენკოს თქმით, 48 საათში დაწყებული მკურნალობა ეფექტურია. ამ ეტაპზე 100 ათას მოსახლეზე გრიპით ინფიცირების 277 შემთხვევა ფიქსირდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს საგანგაშო მონაცემი არ არის და ეპიდემია ამ მაჩვენებლის 500-მდე გაზრდის შემთხვევაში იქნება. თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ მსგავსი საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.