ლაბორატორიაში სრულფასოვანი კბილები გაზარდეს, მალე შეიძლება ეს მეთოდი ბჟენის და იმპლანტის ალტერნატივა გახდეს — #1tvმეცნიერება
ლაბორატორიაში კბილების გაზრდა თითქოს საშინელებათა ფილმის სცენარს ჰგავს, მაგრამ ამას შეიძლება რეალური, პრაქტიკული, სრულიად უწყინარი მიზანი ჰქონდეს — დაზიანებული კბილების ჩანაცვლება. ახალი კვლევა ერთი ნაბიჯით წინ წავიდა, რათა ეს საქმე რეალობა გახდეს.
ლონდონის კინგს კოლეჯისა (KCL) და საიმპერატორო კოლეჯის (ICL) მკვლევრებმა შექმნეს ახალი მასალა, რომელიც აძლიერებს უჯრედებს შორის კომუნიკაციას, რაც უჯრედებს უადვილებს ერთობლივ ფუნქციონირებას კბილის ახალი სტრუქტურების ზრდაში.
ჯგუფის მიერ შექმნილი ჰიდროგელი არსებითად მოქმედებს, როგორც ჩარჩო, რომელიც კბილების ბუნებრივ ზრდას ახალისებს; იყენებს კბილების ეპითელურ და მეზენქიმურ უჯრედებს თაგვების ემბრიონებიდან.
„ლაბორატორიაში გაზრდილი კბილები ბუნებრივად აღდგება, ყბასთან ბუნებრივი კბილების მსგავსად ინტეგრირდება. ისინი იქნება უფრო ძლიერი, გამძლე და არ იარსებებს უარყოფის რისკი, რაც გვთავაზობს უფრო გამძლე და ბიოლოგიურად თავსებად გამოსავალს, ვიდრე ბჟენები და იმპლანტებია“, — ამბობს ლონდონის კინგს კოლეჯის მკვლევარი სუეჩენ ჟანგი.

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კბილის დაზიანების თავად აღდგენა ისევეა შესაძლებელი, როგორც კანის გაჭრის შემთხვევაში — ბუნებრივი და ეფექტიანი გამოსავალი. ამჟამად კვლევის პროცესშია რამდენიმე მეთოდი, რომელშიც ამოწმებენ, შეუძლია თუ არა ჩვენს კბილებს ასეთი რამ.
მნიშვნელოვანია, რომ ჰიდროგელს შეუძლია იმოქმედოს ისე, რომ არ ჩაერიოს სხვა ბიოლოგიურ პროცესებში და უფრო დეტალურად მიბაძოს იმას, რაც ადამიანის სხეულში ხდება. ისეთი რამისთვის, რაც ჩვენი თვითაღდგენის შესაძლებლობების გასაძლიერებლადაა შექმნილი, ეს ფრიად დამაიმედებელია.
„წინა მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ყველა სიგნალი ერთდროულად იგზავნებოდა. ახალი მასალა სიგნალებს დროთა განმავლობაში, ნელა გამოყოფს და იმეორებს იმას, რაც სხეულში ხდება“, — ამბობს ჟანგი.

შემდეგი გამოწვევაა იმის განსაზღვრა, როგორ შეიძლება კბილების ჯანსაღი ზრდის ასეთივე გარემოს შექმნა ჩვენს პირში და არა ლაბორატორიის თეფშზე. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, უჯრედების გადანერგვა ან ლაბორატორიაში უკვე გაზრდილი კბილის გადანერგვა.
ბუნებაში არსებობს მრავალი სახეობა, რომლებსაც ბუნებრივად შეუძლიათ კბილების ხელახლა ზრდა; მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზაა იქამდე, ვიდრე ამ მიზანს ადამიანებიც მიაღწევენ, რეგულარულად ხდება აღმოჩენები, რომლებსაც ამ მიმართულებით მივყავართ.
კიდევ ერთი იდეა, რომელზეც მუშაობენ, არის ანოდონტიასთან (მდგომარეობა, როცა კბილები არ იზრდება) ბრძოლის ნაწილი და წარმოადგენს ანტისხეულებით მკურნალობას. მკვლევრებს აქვთ მოლოდინი, რომ ამ მიდგომაზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალება მზად იქნება ათწლეულის მიწურულამდე.

როგორც ანოდონტიის კვლევები აჩვენებს, ეს უფრო მაღალტექნოლოგიური სტომატოლოგიაა მათთვის, ვინც კბილებს საკმარისად ხშირად არ იხეხავს და ძაფით არ იწმენდს. მიჩნეულია, რომ კბილის ჯანსაღ სხეულებს, მათ შორის ნაკლულ კბილებს, მრავალი კავშირი აქვს დანარჩენ ფიზიკურ კეთილდღეობასთან.
„ამ სფეროს განვითარებასთან ერთად, ასეთი ინოვაციური მეთოდების ინტეგრაციას შეუძლია რევოლუცია მოახდინოს კბილების მოვლაში, შემოგვთავაზოს მდგრადი და ეფექტიანი გამოსავალი კბილების აღდგენა-რეგენერაციაში“, — ამბობს ლონდონის კინგს კოლეჯის რეგენერაციული სტომატოლოგიის ექსპერტი ანა ანგელოვა ვოლპონი.
კვლევა ACS Macro Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია kcl.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.