ლა-მანშის გვირაბში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის გამო კომპანია „ევროსტარმა“ ლონდონიდან პარიზის, ამსტერდამისა და ბრიუსელის მიმართულებით ყველა მატარებელი შეაჩერა
ლა-მანშის გვირაბში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის გამო კომპანია „ევროსტარმა“ ლონდონიდან პარიზის, ამსტერდამისა და ბრიუსელის მიმართულებით ყველა მატარებელი შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, „ლე შატლის“ მატარებელი, რომელიც ლა-მანშის გვირაბში გაფუჭდა, ამჟამად გვირაბიდან გამოიყვანეს. კომპანიის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვის გამო გვირაბში არცერთი მგზავრი არ არის ჩარჩენილი.
„ლა-მანშის გვირაბში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა იყო, რის შემდეგაც შატლის მატარებელი შიგნით გაჩერდა“, – განაცხადა „ევროსტარის“ წარმომადგენელმა.
როგორც მედია წერს, ტექნიკური ჩარევის შემდეგ, სამშაბათს შუადღისას მატარებლების მოძრაობა თანდათანობით აღდგება.
„ევროსტარი“, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპას შორის სარკინიგზო გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი კომპანიაა, მომხმარებლებს მოუწოდებს, მატარებლის სტატუსის შესახებ განახლებული ინფორმაცია შეამოწმონ.
მედიის ცნობით, „ევროსტარის“ მატარებლებს საშობაო სეზონზე დღეში ათიათასობით მგზავრი გადაჰყავთ.
ელექტროენერგიის გათიშვის გამო საცობები შეიქმნა ფოლკსტოუნთან და კენტთან, საიდანაც ლა-მანშის გვირაბის გავლით ინგლისიდან საფრანგეთში ავტომობილით გადასვლაა შესაძლებელი.