კვლევითი ორგანიზაცია PMCG Research-ი - საქართველოში სექტემბერში ყოველთვიურ ხელფასს 985 975 ადამიანი იღებდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.6 პროცენტით მეტია
საქართველოში 2025 წლის სექტემბერში ყოველთვიურ ხელფასს 985 975 ადამიანი იღებდა, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით – 4.9%-ით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 2.6%-ით მეტია.
ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია PMCG Research-ი ავრცელებს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2025 წლის სექტემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 2,400 ლარის ან მეტი ოდენობით თვიურ ხელფასს იღებდნენ, 33.6%-ს შეადგენდა, რაც აგვისტოსთან შედარებით – 0.5 პროცენტით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტია.
„სექტემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს 12.5%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით – 1.0 პროცენტით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. 2025 წლის სექტემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.0%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 0.1 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 0.7 პროცენტით არის გაზრდილი“, – აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში jobs.ge-ზე 8 737 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით – 20.0%-ით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 4.7%-ით მეტია.
თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი, 29.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, ხოლო ყველაზე მცირე, 11.9%-იანი კლება – ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში.
წლიურ ჭრილში ყველაზე დიდი, 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, ხოლო ყველაზე დიდი, 3.9%-იანი კლება – ლოგისტიკისა და დისტრიბუციის კატეგორიაში.
„2025 წლის ივლისიდან 2025 წლის სექტმბრის ჩათვლით გამოქვეყნდა 24 199 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ლოგისტიკისა და დისტრიბუციის (-4.5%), ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიებში -4.4%“, – წერია კვლევაში.
რაც შეეხება Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობას კატეგორიების მიხედვით, ასე ნაწილდება:
ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით 973 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5%-ით მეტია;
ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით 6 404 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5%-ით მეტია;
ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, 4 789 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.0%-ით მეტია.