კვლევითი ორგანიზაცია PMCG - ოქტომბერში სასტუმროს ფასები წინა თვესთან 9.6 პროცენტით, ხოლო წინა წელთან შედარებით 2.3 პროცენტით შემცირდა
კვლევითი ორგანიზაცია PMCG - ოქტომბერში სასტუმროს ფასები წინა თვესთან 9.6 პროცენტით, ხოლო წინა წელთან შედარებით 2.3 პროცენტით შემცირდა

კვლევითმა ორგანიზაციამ, PMCG Research-მა მოამზადა კვლევა საქართველოს სასტუმროების ფასების უახლესი ტენდენციების შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველოში სასტუმროებით მომსახურება მნიშვნელოვნად გაიაფდა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი, სექტემბერთან შედარებით, 9.6%-ით შემცირდა.

ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა აჭარაში (-18.5%), გურიასა (-13.6%) და კახეთში (-11.8%). 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.9%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი – 10.6%-ით.

ამასთან, როგორც კვლევით ორგანიზაციაში აღნიშნავენ, 2025 წლის ოქტომბერში სასტუმროს ფასების ინდექსი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 2.3%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში (-13.1%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (-11.4%) და კახეთში (-11.0%).

თბილისი ერთადერთი მსხვილი რეგიონია, სადაც ფასების ინდექსი წლიურად 2.5%-ით გაიზარდა.