კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინის შემდეგ მეორე დოზად Pfizer-ით აცრა უსაფრთხო და ძლიერ ეფექტიანია — #1tvმეცნიერება
კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინის შემდეგ მეორე დოზად Pfizer-ით აცრა უსაფრთხო და ძლიერ ეფექტიანია — #1tvმეცნიერება

COVID-19-ის ვაქცინების კომბინირების შესახებ ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ით იმ ადამიანების აცრა, რომლებსაც პირველ ჯერზე AstraZeneca-ს ვაქცინა აქვთ გაკეთებული, ძლიერ უსაფრთხო და ეფექტიანია.

ესპანეთში კარლოს III-ის სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ამ კვლევის მიხედვით, მეორე ჯერზე Pfizer-ის ვაქცინით აცრილ ადამიანთა სისხლში IgG-ანტისხეულების მაჩვენებელი 30-40-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში, რომლის წევრებმაც AstraZeneca-ს მხოლოდ ერთი დოზა მიიღეს.

გარდა ამისა, Pfizer-ის დოზის შემდეგ შვიდჯერ გაიზარდა გამანეიტრალებელ ანტისხეულთა რაოდენობა, რაც თითქმის ორჯერ მეტი ეფექტია, ვიდრე ორივე ჯერზე AstraZeneca-თი აცრილებში დაფიქსირებული.

კვლევაში 18-59 წლამდე 670 ისეთი მოხალისე მონაწილეობდა, რომლებსაც უკვე გაკეთებული ჰქონდათ AstraZeneca-ს ერთი დოზა; მათგან 450 ადამიანს მეორე დოზად Pfizer-ის ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული.

მონაწილეთა მხოლოდ 1,7% იუწყებოდა მწვავე გვერდითი ეფექტების შესახებ, რასაც ძირითადად წარმოადგენდა თავისა და კუნთების ტკივილი და ზოგადი სისუსტე.

„არ დაფიქსირებულა ისეთი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება, სერიოზულად ჩავთვალოთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, დოქტორი მაგდალენა კამპინასი.

ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში ჩატარებულმა ანალოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებმაც AstraZeneca-ს შემდეგ Pfizer-ის ვაქცინა მიიღეს ან პირიქით – უფრო ხშირად იუწყებოდნენ მსუბუქი ან საშუალო სიმპტომების შესახებ. ისეთების, როგორებიც არის თავის ტკივილი ან სიცხე, ვიდრე ის ადამიანები, რომლებმაც ორივე ჯერზე ერთი და იგივე ვაქცინა გაიკეთეს. უახლოეს თვეებში გამოქვეყნდება მონაცემები იმუნური პასუხის შესახებ.

ამ კვლევით, ესპანეთის მიზანი საუკეთესო გამოსავლის ძებნა იყო მას შემდეგ, რაც AstraZeneca-ს ვაქცინა 60 წელს ქვემოთ ადამიანებისთვის შეზღუდა ახალგაზრდებში თრომბის წარმოქმნის საშიშროების გამო.

ასეთმა შეზღუდვამ დიდი გაურკვევლობა გამოიწვია და ნიშნავდა იმას, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე მიღებული ჰქონდათ AstraZeneca-ს ერთი დოზა, მეორეს ვეღარ გაიკეთებდნენ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.