კვლევა - საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებულია
კვლევა - საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებულია

საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმისათვის არ არის დადგენილი. თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე). ამის შესახებ ნათქვამია მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შედეგებში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წარადგინეს.

კვლევის თანახმად, ბავშვების 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა არის 5-დან 10 მკგ/დლ-მდე, ხოლო 16 პროცენტის სისხლში აღემატება10 მკგ/დლ-ს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სისხლში ტყვიის შემცველობის გავრცელების მაჩვენებელი სასოფლო ტიპის დასახლებებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქის ტიპის დასახლებებში. სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აჭარის ა.რ.-ში (85%, ≥ 5 მკგ/დლ) და გურიაში (73%, ≥ 5 მკგ/დლ).

კვლევაში აღნიშნულია, რომ ტყვია არის ტოქსიკური მეტალი, რომელიც იწვევს ტვინისა და სხეულის სხვა სისტემების დაზიანებას. სისხლში ტყვიის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს, როგორც ზრდისა და ქცევითი სირთულეები, ასევე სწავლის პრობლემები. სისხლში ტყვიის მაღალმა შემცველობამ ორსულ ქალებში შესაძლოა, გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, მუცლის მოშლა და მკვდრადშობადობა.

დატოვე კომენტარი