კვლევა, რომელიც COVID-19-ის ვაქცინებს მიოკარდიტის მაღალ რისკს უკავშირებდა, არასწორი გაანგარიშებების გამო უკან გაიწვიეს — #1tvმეცნიერება
კვლევა, რომელიც COVID-19-ის ვაქცინებს მიოკარდიტის მაღალ რისკს უკავშირებდა, არასწორი გაანგარიშებების გამო უკან გაიწვიეს — #1tvმეცნიერება

არასწორი გაანგარიშებების გამო, მოხსნეს პრეპრინტი კვლევა, რომელიც პირველად სერვერ MedRxiv-ზე გამოჩნდა და აცხადებდა, რომ COVID-19-ის ვაქცინები მიოკარდიტის რისკს შეიცავს ყოველი 1000-დან 1 ადამიანში.

MedRxiv არის პორტალი, სადაც ის კვლევები ქვეყნდება, რომლებსაც ჯერ რეცენზია არ გაუვლია.

ოტავას უნივერსიტეტის გულის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევა პირველად 16 სექტემბერს გამოქვეყნდა. სწორედ ამ კვლევას იშველიებდა ძალიან ბევრი ადამიანი იმის „დასამტკიცებლად“, რომ COVID-19-ის ვაქცინები უსაფრთხო არ არის.

თუმცა, არასწორი გაანგარიშებების გამო, ეს კვლევა უკან გაიწვიეს.

მიოკარდიტის, ანუ გულის კუნთის ანთების მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოთვალეს: კანადის დედაქალაქ ოტავაში ჩატარებული ვაქცინაციის რაოდენობა მიოკარდიტის შემთხვევათა რაოდენობაზე გაყვეს.

ასეთი გათვლებით, მიოკარდიტის რისკი 1000-დან 1 იყო, ანუ 0,1 პროცენტი.

კვლევაში გამოყენებული იყო არასწორი რიცხვები. ავტორებმა დიდწილად არასწორად შეაფასეს გაკეთებული ვაქცინების რაოდენობა — მათ მიერ გამოყენებული რიცხვი რეალურზე 25-ჯერ დაბალი იყო.

მათი განცხადებით, გაკეთებული ვაქცინების რაოდენობა 32 379 იყო, როცა სინამდვილეში, ეს რიცხვი 854 930-ს შეადგენდა.

ასეთი არასწორი გაანგარიშების გამო, 24 სექტემბერს კვლევა უკან გაიწვიეს.

„შემთხვევათა რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვიუწყებოდით, გაბერილი იყო მცირე მნიშვნელის (კვლევის პერიოდში გაკეთებულ ვაქცინათა რაოდენობა) გამო. მიმოვიხილეთ Open Ottawa-ზე ხელმისაწვდომი მონაცემები და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა დიდ შეცდომას, რადგან გაკეთებული ვაქცინის დოზების რეალური რაოდენობა 800 000-ს აჭარბებდა“, — წერენ მკვლევრები განცხადებაში.

მათივე განცხადებით, სხვა კოლეგებისა და ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავის ასარიდებლად, კვლევას უკან იწვევენ.

სპეციალურ განცხადებაში ბოდიშს იხდის ოტავის უნივერსიტეტის გულის ინსტიტუტიც.

ამასობაში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ სხვა კვლევებმა რნმ ვაქცინებსა და მიოკარდიტებს შორის რაიმე მნიშვნელოვანი კავშირი ვერ დაადგინა.

მიოკარდიტების შესახებ ჩატარებული კიდევ ერთი პრეპრინტი კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცებში COVID-19-ის გამო მიოკარდიტის განვითარების რისკი ექვსჯერ მაღალია, ვიდრე ამის ალბათობა ვაქცინის შემთხვევაში.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.