კვირკველია სუპერთასზე გააგდეს, „ლოკომოტივი“ დამარცხდა
კვირკველია სუპერთასზე გააგდეს, „ლოკომოტივი“ დამარცხდა

საბა კვირკველიამ და მოსკოვის „ლოკომოტივმა“ რუსეთს სუპერთასის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვეს. შეხვედრას ნიჟნი ნოვგოროდმა უმასპინძლა – რუსეთის ჩემპიონი „ლოკომოტივი“ თანაქალაქელ ცსკა-ს შეხვდა, რომელსაც თასი არ მოუპოვებია, მაგრამ სუპერთასზე დაუშვეს.

საქმე ისაა, რომ თასის მფლობელი „ტოსნო“ გახდა (ფინალში კურსის „ავანგარდს“ 2:1 სძლია), მაგრამ სეზონის შემდეგ გუნდი დაიშალა, ხოლო პირველი ლიგის „ავანგარდს“ არც ევროპის ლიგაზე გამოსვლის უფლება მისცეს და სუპერთასზეც რუსეთის ვიცე-ჩემპიონი ცსკა დაუშვეს.

გამარჯვებული ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები, სადაც არმიელებმა 106 წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანეს და 1:0 გაიმარჯვეს. საბა კვირკველიამ კი თამაში ვერ დაასრულა – 114-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების მცველმა რუსული არმიის ბრაზილიელ ლეგიონერს, როდრიგო ბეკაოს დაარტყა და მოედნიდან გააძევეს.