კვიპროსული მედია - კაჭარავა „ანორთოსისიდან“ მიდის
კვიპროსული მედია - კაჭარავა „ანორთოსისიდან“ მიდის

კვიპროსული გამოცემა „ბალას“ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა სეზონის დასრულების შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისს“ დატოვებს და კარიერას რუსეთში გააგრძელებს.

„ქართველი თავდამსხმელი 2020-21 წლების სეზონს რუსულ ლიგაში გააგრძელებს. არსებული ინფორმაციით, ფამაგუსტელთა ქართველი თავდამსხმელის მენეჯერი რუსულ კლუბებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა მას უფრო სარფიანი კონტრაქტი გაუფორმოს. თუმცა, საამისოდ, „ანორთოსისი“ დარწმუნებულები უნდა იყოს, რომ ქართველის ნაცვლად კარგ შემოსავალს მიიღებს“ – წერს გამოცემა.

ნიკა კაჭარავამ პროფესიული კარიერა თბილისის „დინამო 2“-ში დაიწყო. 2013 წლის თებერვლიდან ყაზანის „რუბინის“ დუბლშემადგენლობის წევრი გახდა და 16 ჩატარებულ მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო, ხოლო ძირითადი გუნდის განაცხადში კი ერთხელ მოხვდა. 2016-18 წლებში „როსტოვში“ ჩაირიცხა, რომელმაც მის ტრანსფერში 300 ათასი ევრო გადაიხადა.