კვიპროსული გამოცემა - შესაძლოა, უახლოეს დღეებში ქეცბაიას კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზონ #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - შესაძლოა, უახლოეს დღეებში ქეცბაიას კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზონ #1TVSPORT

კვიპროსული გამოცემა „სიგმალაივმა“ მიმდინარე სეზონში ფამაგუსტას „ანორთოსისის“ გამოსვლა შეაფასა და ყურადღება თემურ ქეცბაიას მიერ წლის მატჩად მონათლულ სათასო ნახევარფინალზე გაამახვილა.

„ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ სუპერლიგაში წააგო ჩემპიონობის ტიტულის მესამე პრეტენდენტთანაც. „აპოლონისა“ და აელ-ის შემდეგ „ანტონის პაპადოპულოს არენაზე“ გუნდს „ომონიამაც“ აჯობა. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე „ლედიმ“ იგივე ქულები დააგროვა, რაც „ოლიმპიაკოსმა“ (ფინალური ჯგუფის აუტსაიდერმა) – 3 ქულა. შედეგად გასულ სეზონში ყველა ტიტულისთვის მებრძოლი გუნდი ლიდერებს ჩამორჩა. ვერავინ უარყოფს, რომ თემურ ქეცბაიას გუნდმა „ომონიას“ წინააღმდეგაც იგივე მონდომებით ითამაშა, როგორც სხვა ფავორიტების წინააღმდეგ. მაგრამ ამავე დროს, შეეცადა, მოთამაშეები „აპოელთან“ თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრამდე არ გადაეტვირთა. „ანორთოსისის“ მწვრთნელმა ისაუბრა „წლის თამაშზე“ და მომავალი ოთხშაბათის მატჩის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“, – წერს გამოცემა.

კვიპროსული გამოცემა ამტკიცებს, რომ თემურ ქეცბაიას განცხადებების მიუხედავად გუნდის წასვლის შესახებ, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ხელმძღვანელებს მასთან თანამშრომლობა სურთ.

ფამაგუსტელები ამაყობდნენ იმით, რომ გასულ სეზონში მათი გუნდი ერთადერთი იყო, ვისაც სეზონში დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ქეცბაიას დაბრუნებიდან ორი წლის შემდეგ, შესაძლოა, „ანორთოსისი“ ევროსაგზურის და ტიტულის გარეშე დარჩეს. მაგრამ გუნდში თემურ ქეცბაიას მუშაობას აფასებს არა მხოლოდ 2020/21 წლების სეზონის შედეგებით, არამედ მისი წინა დამსახურებების გათვალისწინებითაც. ამიტომ არაა გამორიცხული, ქართველი მწვრთნელი სათადარიგო სკამზე ახალი ვადით ვიხილოთ. შესაძლებელია, ქეცბაიას კონტრაქტის გაგრძელების საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდეს“.