მარცხი ლიდერთან - „ანორთოსისმა“ „ომონიასთან“ წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

პროგნოზი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა – თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის 33-ე ტურის  მატჩში გუნდის ორი ქართველი ლიდერიდან მხოლოდ ერთი დაასვენა. ნიქოზიასომონიასთან“ პრინციპულ შეხვედრაში ფამაგუსტას „ანორთოსისის“ დამარცხდა.

ქართველმა მწვრთნელმა გათამაშების ლიდერის წინააღმდეგ გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი ათამაშა, გიორგი ქვილითაია კი განაცხადშიც არ იყო.

თავიდან კვიპროსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეცბაია ქვილითაიას კვიპროსის თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩისთვის დაასვენებდა, რომელიც „აპოელთან“ 21 აპრილს გაიმართება. სინამდვილეში, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ფამაგუსტელთა საუკეთესო ბომბარდირმა „აპოელთან“ პირველ ნახევარფინალურ მატჩში მცირე ტრავმა მიიღო და „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა ის რისკს აარიდა, რადგან ქეცბაიასთვის პრიორიტეტული თასზე წარმატებული გამოსვლაა.

ანგარიში ნიქოზიელებმა გახსნეს. 44-ე წუთზე გიორგი ლორიას კარი ტიაგო დო სანტოსმა აიღო და ანგარიში გახსნა. შესვენებაზე ქეცბაიამ ოქრიაშვილი შეცვალა. „ომონიამ“ მასპინძლებს კიდევ გაუტანა – 79-ე წუთზე „ანორთოსისის“ კარი მარკო სკეპოვიჩმა აიღო და საბოლოოდ, ნიქოზიელებმა 0:2 მოიგეს.

კვიპროსის ჩემპიონატის 33-ე ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 54 ქულით მეოთხე ადგილზეა. გუნდმა სამეულში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა და ევროსაგზურის მოპოვების ერთადერთი გზა კვიპროსის თასის მოპოვებაა.