კვიპროსში ჩემპიონატი ივნისიდან განახლდება - „ანორთოსისი“ ვარჯიშის უფლებას ითხოვს
კვიპროსში ჩემპიონატი ივნისიდან განახლდება - „ანორთოსისი“ ვარჯიშის უფლებას ითხოვს

კვიპროსში, სადაც საკმაოდ დიდი ქართული საფეხბურთო დიასპორაა, მთავრობამ ჩემპიონატის განახლების გადაწყვეტილება მიიღო – ინფორმაციას სააგენტო „ფილნიუსი“ ავრცელებს.

„კლუბების მონაწილეობით გაიმართა ტელეკონფერენცია, სადაც ჩემპიონატის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მთავრობისა და მედიცინის ექსპერტების გადაწყვეტილებით, მაისის შუა რიცხვებში გუნდებს ვარჯიშის უფლება დართეს, ხოლო ჩემპიონატის განახლება ივნისის დასაწყისში იგეგმება. ასევე აღინიშნება, რომ 18 მაისიდან გუნდები სრულყოფილ ვარჯიშებს შეძლებენ, ოღონდ მხოლოდ ღია არენებზე. ხოლო გასახდელების, სპორტული დარბაზების და სხვა დახურული შენობის გამოყენება ისევ აკრძალულია“ – წერს გამოცემა.

ჩემპიონატის განახლება თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ აწყობს, რადგან ჩემპიონობის რეალური შანსი გააჩნია. თუმცა, გუნდის პრეზიდენტი ევგენიოს ჰამბულასი უკმაყოფილოა, რომ 18 მაისამდე გუნდს სრულფასოვნად ვერ ავარჯიშებს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აკრძალვების შესახებ ირონიული კითხვა დასვა.

„კლუბ „ანორთოსისის“ ოფისის თანამშრომლებს აქვთ უფლება, რომ 250 მ2 დახურულ შენობაში იმუშავონ, სადაც ერთ კაცზე დააახლოებით 25 მ2 ფართობი მოდის. ჩვენივე კლუბის სხვა თანამშრომლებს, ანუ ფეხბურთელებს ბევრად დიდი ფართობის (100х70 მ) ღია არენაზე აქვთ უფლება, რომ მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშონ, სადაც თითოეულ მოთამაშეზე დააახლოებით 1400 მ2 მოდის. განმიმარტეთ საპრეზიდენტო საბჭოს თუნდაც ერთმა ექსპერტმა, ამხელა ფართობზე მთელ გუნდს ვარჯიშის უფლება რატომ არ გააჩნია?“ – წერს ევგენიოს ჰამბულასი.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსში 7 ქართელი ფეხბურთელი თამაშობს და ორი ქართველი მწვრთნელი მუშაობს.