კვიპროსმა ეგვიპტეს გადასცა მამაკაცი, რომელმაც 2016 წელს სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა
კვიპროსმა ეგვიპტეს გადასცა მამაკაცი, რომელმაც 2016 წელს სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა

კვიპროსმა ეგვიპტეს გადასცა ეგვიპტელი მამაკაცი, რომელმაც 2016 წელს სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა და კვიპროსის აეროპორტში დასვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სეიფ ალ-დინ მუსტაფამ 2016 წლის მარტში, ყალბი „შაჰიდის ქამრის“ გამოყენებით, ავიაკომპანია EgyptAir-ის სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა და ეკიპაჟის წევრები აიძულა, ლაინერი ლარნაკას აეროპორტში დაესვათ. გამტაცებელი კვიპროსში მცხოვრებ ყოფილ ცოლთან შეხვედრას ითხოვდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

EgyptAir-ის რეისი MS181 ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, ბორტზე 56 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. კვიპროსის ხელისუფლების წარმომადგენლების გამტაცებელთან ექვსსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მუსტაფამ ყველა მგზავრი გაათავისუფლა.

მამაკაცმა თავისი ქმედების მოტივად თავშესაფრის მოთხოვნის სურვილი და ეგვიპტის მთავრობის მხრიდან რეპრესიები დაასახელა. ის კვიპროსიდან ეგვიპტეში ექსტრადირების წინააღმდეგი იყო, რადგან მისი მტკიცებით, სამშობლოში მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილი არ იქნება.

ეგვიპტის პროკურატურა მუსტაფას გადაცემას კვიპროსისგან ექსტრადირების შესახებ 1996 წლის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ითხოვდა. მუსტაფამ საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა კვიპროსის უზენაესმა სასამართლომ გასულ წელს მისი აპელაცია არ დააკმაყოფილა.

სეიფ ალ-დინ მუსტაფა უკვე კაიროში იმყოფება.