კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს წარმატებები არა მხოლოდ აღიარებული, არამედ დაჯილდოებული უნდა იქნას ევროკავშირის მიერ
კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს წარმატებები არა მხოლოდ აღიარებული, არამედ დაჯილდოებული უნდა იქნას ევროკავშირის მიერ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას ნიკოს ხრისტოდულისს შეხვდა, რომელიც საქართველოს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გაწეულ ძალისხმევას და მიღწეულ შედეგებს.

მან აღნიშნა, რომ კვიპროსი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია ამ მიმართულებით და უახლოეს მომავალში ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან დაგეგმილ შეხვედრაზე მათ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოში ვიზიტის შედეგების შესახებ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივას, უსრულდება არსებობის 10 წელი და შემიძლია ვთქვა, ასევე  წარმატებული ფუნქციონირების 10 წელი. ჩვენ გვექნება შანსი არა მხოლოდ საზეიმოდ აღვნიშნოთ ეს იუბილე, არამედ განვიხილოთ ასევე თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები. სრული დარწმუნებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის მოწინავე ამ მიმართულებით და მისი ეს მცდელობები  არა მხოლოდ აღიარებულ უნდა იქნას, არამედ დაჯილდოებული უნდა იქნას ევროკავშირის მიერ“, – განაცხადა კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ნიკოს ხრისტოდულისმა ისაუბრა საქართველოში კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების ნათელ დასტურს წარმოადგენს.

„ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა პირველი ოფიციალური ვიზიტით კვიპროსის პრეზიდენტთან ერთად ჩამოვსულიყავი საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საეტაპო ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში და ასახავს კვიპროსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობების დონეს“,- განაცხადა კვიპროსის საგარეო უწყების ხელმღვანელმა.

მისი განცხადებით ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე დასახული იქნა თანამშრომლობის მიზნები კონკრეტული სექტორული მიმართულებებით. ნიკოს ხრისტოდულისისმა კიდევ ერთხელ დაადსტურა კვიპროსის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ეწვია 16-18 აპრილს.​