კვიპროსის პრეზიდენტმა ფედერაციასთან ჩემპიონატის განახლებაზე იმსჯელა
კვიპროსის პრეზიდენტმა ფედერაციასთან ჩემპიონატის განახლებაზე იმსჯელა

კვიპროსში, სადაც ქართული ფეხბურთის ცხრა წარმომადგენელია დასაქმებული (შვიდი ფეხბურთელი და ორი მწვრთნელი) მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩემპიონატის განახლების პირობებზე ილაპარაკეს: კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

საქმე ისაა, რომ კვიპროსში პანდემიის გამო დაწესებული ფართომასშტაბიანი შეზღუდვები მოხსნეს და სპორტული ღონისძიებების განახლებაც გადაწყვიტეს. ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა „ალფანიუსი“ იუწყება.

„კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გეორგიოს კუმასმა მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკის პრეზიდენტის ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც კვიპროსზე სპორტის მომავალს ეხებოდა. კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, შეასრულებს უეფა-ს მითითებებს და მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, უახლოესი ოცდაოთხი საათის განმავლობაში დაიწყებს აუცილებელ პროცედურებს, რათა მიმდინარე ჩემპიონატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს“ – იუწყება „ალფანიუსი“.

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის ცნობაში კი მითითებულია, რომ ორგანიზაცია გადაწყვეტილებებს მიიღებს უეფას მიერ განსაზღვრულ კონტექსტში, სადაც ძირითადი ყურადღება ექცევა ფეხბურთელებისა და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას, ასევე კვიპროსის ფეხბურთის სიცოცხლისუნარიანობას.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის სუპერლიგის ვიცე-პრეზიდენტმა ჰარიზ ლოიზიდისმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, ჩემპიონატის დასასრულებლად საკმარისი დრო არ იყოს. ასეთ შემთხვევაში, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავების შანსსაც დაკარგავს და შესაძლოა, ევროთასებზე საერთოდ ვერ იასპარეზოს.