კვიპროსის ნაკრების ყოფილი წევრი - ევროპაში ფეხბურთელებს გზა ქეცბაიამაც გაუკვალა
კვიპროსის ნაკრების ყოფილი წევრი - ევროპაში ფეხბურთელებს გზა ქეცბაიამაც გაუკვალა

კვიპროსის ნაკრების ფეხბურთელმა, წარმოშობით სერბმა სინიშა გოგიჩმა ბერძნულ გამოცემა fosonline-თან ინტერვიუში თემურ ქეცბაია გამოარჩია. მისი თქმით, ფამაგუსტას „ანორთოსისს“ ყოფილი ფეხბურთელი ერთ-ერთია იმ სამი მოთამაშიდან, რომელთა წარმატებული კარიერის გამო, ევროპული და ბერძნული კლუბები კვიპროსის ჩემპიონატის ფეხბურთელებით დაინტერესდნენ.

„კვიპროსის ლიგისადმი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, როდესაც თემურ ქეცბაია ათენის „აეკში“ გადავიდა და საბერძნეთის საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ გახდა. შემდეგ მე პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ მიმიწვიეს და ასევე წარმატებული კარიერა ავიწყვე. ბოლოს კი კოსტას მალეკოსი „პანათინაიკოსის“ წევრი გახდა. მიმაჩნია, რომ ქეცბაიას, ჩემმა და შემდეგ მალეკოსის წარმატებულმა თამაშმა ბევრი ევროპული და ბერძნული კლუბის უფროსობა დააფიქრა და უფრო სერიოზულად დააკვირდნენ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც კვიპროსის ჩემპიონატში თამაშობდნენ. კვიპროსელთათვის საბერძნეთის და სხვა ევროპული ჩემპიონატების კარი ასე გაიხსნა“, – ამბობს სინიშა გოგიჩი.

კვიპროსის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ქეცბაიასთან თამაშის პერიოდიც გაიხსენა: „ქეცბაიასთან ერთად „ანორთოსისში“ მითამაშია. ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო და ათენის „აეკში“ მანამდე გადავიდა, სანამ მე „ოლიმპიაკოსში“ მოვხდებოდი. იყო სეზონი, როდესაც ფამაგუსტას გუნდში მე 26 გოლი გავიტანე, ხოლო ქეცბაიამ – 19. მაშინ ჩვენ შეტევაში შესანიშნავი დუეტი შევქმენით”.

სინიშა გოგიჩი ოთხი წელი თამაშობდა „აპოელში“, ამდენივე – „ანორთოსისში“. ჩემპიონატი ორივე გუნდთან ერთად მოიგო. ასევე ორივე გუნდში ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. კვიპროსის ნაკრებში 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა. პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ 1997-2000 წლებში გამოდიოდა (83 მატჩი, 24 გოლი). მისი კარგი თამაშის დამსახურებაც იყო, 1998/99 სეზონი გუნდისთვის ყველაზე წარმატებული რომ გამოდგა – „ოლიმპიაკოსმა“ „ოქროს დუბლი“ შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თავის ისტორიაში პირველად გავიდა.