კვიპროსის ნაკრების ნახევარმცველი – ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ოქრიაშვილია

08:14, 06.04.2020
ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რენატუ მარგასამ კვიპროსის ჩემპიონატში თორნიკე ოქრიაშვილი გამოარჩია, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას საქმიანობა დადებითად შეაფასა.
34 წლის რენატო მარგასა პორტუგალიელი ფეხბურთელია, რომელსაც ამ ქვეყნის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. მან წლების წინ კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო და 2017 წლიდან ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს (21 მატჩი), სადაც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.
ბერძნულმა გამოცემა „კერკიდამ“ მარგასას მიერ ინსტაგრამზე მოწყობილი ვიდეოინტერვიუს ფრაგმენტები გამოაქვეყნა.
„კვიპროსის ჩემპიონატი თუ დასრულდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ. ეს ყველა ჩვენგანის ოცნებაა. როგორ მოვხვდი „ანორთოსისში“? დამიკავშირდა ქეცბაია და მკითხა, მინდოდა თუ არა მასთან თამაში. რა თქმა უნდა, ვთქვი დიახ, რადგან ეს ჩემთვის დიდი პატივია. „ანორთოსისში“ შემდეგ წელსაც ვიქნები, რადგან ხელშეკრულება 2021 წლამდე მაქვს“ – ამბობს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.
მარგასას კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებზეც ჰკითხეს: „ვინ არის საუკეთესო? ჩემი აზრით, ნუნო ასისი და ოქრიაშვილი. საერთოდ, მიმაჩნია, რომ თორნიკე კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა“.

მსგავსი