კვიპროსის ფეხბურთში კონფლიქტი დაიწყო - პოპულარული გამოცემა ქეცბაიას მხარდაჭერას უცხადებს
კვიპროსის ფეხბურთში კონფლიქტი დაიწყო - პოპულარული გამოცემა ქეცბაიას მხარდაჭერას უცხადებს

„კერძო ინტერესებისა და სირაქლემების ქვეყანაში, ჩვენ კიდევ 10 ქეცბაია გვჭირდება“ – ამ სათაურით და საინტერესო ფოტომონტაჟით გამოაქვეყნა კვიპროსულმა გამოცემა „პოტატლიმამ“ წერილი, სადაც თემურ ქეცბაიას მხარი დაუჭირა.

საქმე ისაა, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი კვიპროსის ჩემპიონატის ნაადრევად შეჩერების წინააღმდეგია.

„ახლა კიდევ 10 ქეცბაია რომ გვყოლოდა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ მისი ლაპარაკი, ზოგჯერ ზედმეტიც მოსდის, მაგრამ ის კანონის ენაზე ლაპარაკობს. 99% -ში, მისი ნათქვამი სიმართლესთან და ხალხის ინტერესთან ახლოსაა. თემურის აზრით, ახლა „ზოგი ცდილობს ვითარებით ისარგებლოს“. ის იმას ამბობს, რისი თქმისაც სხვებს ეშინიათ. ან იმიტომ, რომ არ აქვთ თემურის გამბედაობა ან სიმართლის თქმა მათ ინტერესში არაა. ჩემპიონატში თამაშების უმეტესი ნაწილი ჩავატარეთ, რათა ფეხბურთელებსა და გუნდებს ევროტურნირების საგზურები სპორტულ ბრძოლაში გადაენაწილებინათ. ამის შემდეგ გვესმის, რომ გუნდები ევროპაში უეფას რეიტინგში ადგილის მიხედვით მოხვდებიან. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, შესაძლებელია, რომ „ომონია“ და „ანორთოსისი“ ევროტურნირების მიღმა დარჩნენ, რომლებიც ჩემპიონატის ლიდერები არიან? ეს უსამართლობაა თუ არა?“ – წერს გამოცემა.

უეფამ ყველა ეროვნულ ფედერაციას ჩემპიონატების დასრულება მოითხოვა. მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, მათ ნაადრევ შეწყვეტასაც უშვებს. თუმცა ასეთ ქვეყნებში ბოლო სეზონის შედეგებს გააბათილებს და შესაძლოა, ევროპულ შეჯიბრებებში გუნდები დაუშვას არა ბოლო სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით, არამედ 2019 წლის შედეგებისა და უეფას რეიტინგში კლუბების პოზიციის შესაბამისად.

ამ შემთხვევაში, კვიპროსის ჩემპიონატის პირველ-მეორე ადგილოსანი ნიქოზიას „ომონია“ და ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ევროტურნირების მიღმა დარჩებიან, რადგან კვიპროსულ კლუბებში, შესაბამისად, მეექვსე და მეხუთე რეიტინგი აქვს, ქვეყანა კი ევროტურნირებზე სულ ოთხ გუნდს წარადგენს. კვიპროსის საფეხბურთო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰარიზ ლოიზიდისმა ბოლო განცხადებაში ასეთი სცენარი არ გამორიცხა – თემურ ქეცბაიას აღშფოთება სწორედ მისმა გამოსვლამ გამოიწვია.