კვერნაძის „ფროზინონე“ სერია B-ში დარჩა, ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ პლეი აუტში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურატურამ (2006 წლის „კალჩოპოლის“ სკანდალის შემდეგ მოქმედებს) სერია B-ში მიმდინარე პროცესებზე მნშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, რომელიც უშუალო გავლენას მოახდენს გიორგი კვერნაძის „ფროზინონესა“ და ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანაზე“.
პროკურატურამ 4 ქულა დააკლო „ბრეშას“, რომელიც სერია C-ში აღმოჩნდა. ამის შედეგად ერთი ადგილით დაწინაურდა კვერნაძის „ფროზინონე“, რომელიც სერია B-ში დარჩა, ხოლო ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ ასევე ერთი ადგილით დაწინაურდა, მაგრამ პლეი აუტის ზონაში დარჩა და ლიგაში ადგილისთვის, „ფროზინონეს“ ნაცვლად „სამპდორიას“ შეხვდება.
„სალერნიტანა“-„სამპდორიას“ პლეი აუტის მატჩები უკვე დაინიშნა – 15 ივნისს მატჩს გენუა უმასპინძლებს, ხოლო 20 ივნისს საპასუხო შეხვედრას სალერნო მიიღებს. მაგრამ უცნაური ისაა, რომ „ბრეშას“ 10 ივნისამდე განაჩენის გასაჩივრების უფლება დაუტოვეს, რომელსაც სააპელაციო კომიტეტი განიხილავს.