კვებეკში დიდი შვიდიანის შეხვედრა მიმდინარეობს
კვებეკში დიდი შვიდიანის შეხვედრა მიმდინარეობს

დიდი შვიდიანის რიგით 44-ე სამიტის ფარგლებში, კვებეკში შეკრებილმა შვიდი ქვეყნის ლიდერმა, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა მრგვალ მაგიდასთან სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილება ამერიკული ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გაზრდილი ტარიფების გამო არ დამალეს. დონალდ ტრამპთან რამდენიმე გლობალურ საკითხზე მწვავე დებატებს გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

მათი პირველი შეხვედრა უკვე შედგა. მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ეს სამიტი ახალი შესაძლებლობაა, რათა გარკვეულ საკითხებზე კონსენსუსს მიაღწიონ.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს საინტერესო დისკუსიისთვის. მან იცის, რომ ჩვენი ხედვა ალუმინისა და ფოლადის ტარიფებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდება, თუმცა მან მოუსმინა ჩემს არგუმენტს. ჩვენ ვიმსჯელეთ სინგაპურში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ბატონ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შედგება, ასევე განვიხილეთ სირიის კონფლიქტის საკითხი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განსაკუთრებულ და შესანიშნავ თანამშრომლობად შეაფასა.

ტრამპი ასევე შეხვდა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს. მათ ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონის (NAFTA) საკითხები განიხილეს.

საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით დიდი შვიდიანის წევრების უმრავლესობას ისევე, როგორც ევროკავშირის ლიდერებს – ჟან-კლოდ იუნკერსა და დონალდ ტუსკს, ტრამპისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვთ. საქმე ეხება 2015 წელს ირანთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას, ასევე ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს და 2015 წელს პარიზში მიღწეულ შეთანხმებას კლიმატური ცვლილებების შესახებ.

სამიტის პირველივე დღეს დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულმა იდეამ დანარჩენი ლიდერების კრიტიკა გამოიწვია. ტრამპმა კვებეკში გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა, რომ მისი სურვილია ამ სამიტს რუსეთის წარმომადგენელიც ესწრებოდეს. ტრამპის იდეას იზიარებს იტალიის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე – მემარჯვენე, ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსი, რომელიც დიდი შვიდიანის სამიტს წელს პირველად ესწრება.

რუსეთის ფედერაცია დიდი რვიანიდან 2014 წლის გაზაფხულზე, ყირიმის ანექსიისა და უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის ხელშეწყობისთვის გააძევეს, რის შემდეგაც დიდი რვიანი დიდი შვიდიანის ფორმატმა შეცვალა.

სამიტი 8-9 ივნისს იმართება.