კვარაცხელიას ორი ასისტით პსჟ-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის სტარტზე მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ეფექტური გამარჯვებით გახსნა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა. ფრანგებმა მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 72-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ორი გოლი მისი გადაცემებით გავიდა. მე-18 წუთზე პსჟ-ის შეტევა კვარაცხელიამ კარგად განაგრძო, ფაბიან რუისი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
პირველი ტაიმი სრულდებოდა, როდესაც ხვიჩამ მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა – ვიტინიამ საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა და პსჟ-მა პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგო.
49-ე წუთზე ხვიჩას თავად შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარის მოგერიების შემდეგ ბურთი ძელმა აისხლიტა.
87-ე წუთზე სენი მაილუმ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+6-ე წუთზე ლი კანგ-ინმა დააფიქსირა – 4:0.
მეორე ტურში პსჟ 19 ივნისს ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდება.