კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით „ნაპოლიმ“ „ფიორენტინა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე „ფიორენტინასთან“ გამართა და ქართველი თავდამსხმელის მოპოვებული პენალტით 1:0 დაამარცხა.
კვარაცხელია ლუჩანო სპალეტიმ განაცხადში შეიყვანა, მაგრამ დასვენების მიზნით ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. თუმცა, 44-ე წუთზე ირვინგ ლოსანო დაშავდა და „ნაპოლის“ მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი მოედანზე შეუშვა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლის“ დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ „ფიორენტინას“ მეკარემ ბურთი მოიგერია.
74-ე წუთზე ხვიჩა საჯარიმოში მცველებს ეფექტურად გასცდა, მაგრამ წააქციეს და „ნაპოლიმ“ მეორე პენალტი მოიპოვა. ოსიმენმა ამჯერად შანსი გოლად აქცია, „ნაპოლი“ დააწინაურა 1:0 და საბოლოოდ შეხვედრა ასევე დასრულდა.