კვარაცხელიას აგენტი მოლაპარაკებებს „მილანთან“, „იუვენტუსთან“ და „ნაპოლისთან“ გამართავს, თბილისში კი მალდინის წარმომადგენელი აკვირდებოდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს – საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ 20 წლის თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას ნობელ არუსტამიანი თავის ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
„ევროპული გუნდები უკვე იწყებენ მოლაპარაკებებს ხვიჩასთან და მის წარმომადგენლებთან. რამდენადაც მე ვიცი, მისი აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში გაფრინდება, სადაც მოლაპარაკებებს „მილანისა“ და „იუვენტუსის“ წარმომადგენლებთან გამართავს. მხარეები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის საკითხს განიხილავენ. ასევე, ქართველის მიმართ განსაკუთრებული ინტერესით „ნაპოლი“ გამოირჩევა.
როგორც ამბობენ, იტალიაში ხვიჩას კახა კალაძე დიდ რეკლამას უკეთებს. „მილანის“ ლეგენდას აქტიურად ეკითხებიან ხვიჩას პოტენციალის შესახებ და მან ის საუკეთესოდ დაახასიათა. კალაძემ კვარაცხელიას საკითხი განიხილა არა მხოლოდ აგენტებთან, არამედ „მილანის“ ტექნიკურ დირექტორ პაოლო მალდინისთან, რომელიც დაცვაში მისი პარტნიორი იყო. მან თბილისში საქართველო-ესპანეთის მატჩზე თავისი წარმომადგენელიც კი გაგზავნა”, – წერს არუსტამიანი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ქართველი გარემარბით მიუნხენის „ბაიერნია“ დაინტერესებული. ესპანური გამოცემა „სპორტსი“ კი ამტკიცებს, რომ კვარაცხელიას „სევილია“ აკვირდება.
ამ სეზონში კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღო რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის რუბინში ჩატარებულ 2 შეხვედრაში, რომელშიც მან 4 გოლი გაიტანა და რვა პასი გააკეთა, ხუთჯერ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ხვიჩას ამჟამინდელი კონტრაქტი „რუბინთან“ 2024 წლის ივნისამდე მოქმედებს. Transfermarkt-ი მოთამაშის ღირებულებას 10 მილიონ ევროდ აფასებს.