კვარაცხელიამ დაისვენა, კვერნაძემ სერია A-ში სადებიუტო მატჩი ითამაშა - „ნაპოლიმ“ სტუმრად „ფროსინონე“ დაამარცხა #1TVSPORT
კვარაცხელიამ დაისვენა, კვერნაძემ სერია A-ში სადებიუტო მატჩი ითამაშა - „ნაპოლიმ“ სტუმრად „ფროსინონე“ დაამარცხა #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – გიორგი კვერნაძის „ფროსინონემ“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მიიღო და 1:3 დამარცხდა.

ცნობილი იყო, რომ კვარაცხელია პირველ ტურს გამოტოვებდა, რადგან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კუნთის პრობლემა შეექმნა. კვერნაძე კი „ფროსინონეს“ განაცხადში იყო და მოედანზე შეცვლაზე შევიდა.

„ფროსინონემ“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და მე-7 წუთზე მაროკოელი აბდუ ჰარუის უნაკლოდ შეასრულებული პენალტით დაწინაურდა. მაგრამ იტალიის ჩემპიონმა მალე თამაში დაალაგა – 24-ე წუთზე მატეო პოლიტანოს გოლით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 42-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლი“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში „ფროსინონე“ მიზანს ვერ აღწევდა და მასპინძლების მთავარმა მწრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ შეტევების გასამწვავებლად მოედანზე გიორგი კვერნაძე შეუშვა. ეს 66-ე წუთზე მოხდა. ახალგაზრდა ქართველი ფლანგის შემტევი თამაშში აქტიურად ჩაერთო.

მაგრამ გოლი ისევ „ნაპოლიმ“ გაიტანა. სწრაფი კონტრშეტევა კვლავ ვიქტორ ოსიმენმა დააგვირგვინა და თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე სტუმრების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და „ნაპოლიმ“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.