კვარა ჯერჯერობით სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა - ის აგიჟებს გულშემატკივრებს და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს #1TVSPORT
კვარა ჯერჯერობით სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა - ის აგიჟებს გულშემატკივრებს და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს #1TVSPORT

ინტერნეტპორტალმა fanpage-მა გამოაქვეყნა წერილი ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც „სასუოლოსთან“ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა.

„კვარაცხელიამ „ნაპოლისა“ და სერია A-ში ცეცხლი დაანთო – ის ლიგის საუკეთესო მოთამაშეა

კვარაცხელიამ და ოსიმენმა მორიგი წარმატება მოუტანეს „ნაპოლის“, რომელმაც „სასუოლოსთან“ გაიმარჯვა. კვარა და ლიგის საუკეთესო ბომბარდირი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეები არიან, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც სჯერა, რომ ქართველი ბევრად ძლიერია.

ტრადიციულად, ნეაპოლელთა ტყუპებმა, კვარაცხელიამ და ოსიმენმმა გაიტანეს. ნიგერიელის გოლი შესანიშნავი იყო და ის ბომბარდირებს ლიდერობს, ქართველმა კი ანგარიში იმ დრიბლინგით გახსნა, რამაც მას მრავალი მეტსახელი, უფრო სწორად, ზედმეტსახელები და ზღვა კომპლიმენტები მოუტანა, მათ შორის – მოულოდნელიც.

ნეაპოლელები 18 ქულით უსწრებენ „ინტერს“. კვარა აგიჟებს გულშემატკივრებს და მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს. „სასუოლოს“ წინააღმდეგ გატანილი გოლი ნამდვილი მარგალიტი იყო. შავ-მწვანე დაცვისა და მეკარე კონსიგლიას პოზიციონირებაში ათას შეცდომას იპოვით, მაგრამ ყველაფერი იდეალურად მხოლოდ მაშინაა, როდესაც ამას „ნაპოლის“ 77 ნომერი აკეთებს.

ნეაპოლი კვარაცხელიათი ტკბება. კვარაცხელია იწყებს, აჩქარებს, დეზორიენტირებულ მეტოქეებს ფინტებით იშორებს და შემდეგ გააქვს. მან მეათე გოლი გაიტანა სერია A-ში, სულ კი მიმდინარე სეზონში ქართველმა ყველა ტურნირზე 12 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. უზარმაზარი სტასტისტიკაა, რომელსაც ყველა ხედავს, მათ შორის ბევრი გუნდი, რომლებსაც უკვე სურთ კვარაცხელიას ხელში ჩაგდება – მაგალითად, მადრიდის „რეალს“.

თამაშებმა, გოლებმა და პასებმა მას ზედმეტად თავხედური მეტსახელი კვარადონა (განსაკუთრებით, ნეაპოლისთვის) მოუტანა, კვარას სერია A-ს სხვა მოთამაშეებიც აღიარებენ. ერთ-ერთი მათგანი „უდინეზეს“ ესპანელი ლეგიონერი ჟერარ დეულოფეუა. კვარას გოლის ნახვის შემდეგ უბრალო, მშრალი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მესიჯიც ზუსტია: „კვარა ლიგის საუკეთესო მოთამაშეა, ჯერჯერობით. ჩემი პატივისცემა მას“.

დებატები იმის შესახებ, თუ ვინ არის უკეთესი მასა და ოსიმენს შორის, არ დასრულებულა, მაგრამ „ნაპოლისთვის“ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ორივე დაფრინავს. გოლზე და მთლიანად „ნაპოლის“ სეზონზე საუკეთესო კომენტარი კვარაცხელიამ გააკეთა, რომელსაც მატჩის შემდეგ რამდენიმე თანაგუნდელთან საუბრისას ღიმილით აღმოხდა: მამა მია“.