კუტალიას გუნდი დახურეს - „ეროვნული ლიგის“ ბომბარდირი უკლუბოდაა
კუტალიას გუნდი დახურეს - „ეროვნული ლიგის“ ბომბარდირი უკლუბოდაა

ყაზახეთის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბმა, პავლოდარის „ირტიშმა“, რომელშიც ლევან კუტალია ირიცხებოდა, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბი დაიხურა.

შეხვედრა დღეს გაიმართა და „ირტიშის“ ხელმძღვანელებმა ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს გადაწყვეტილება პირადად აცნობეს. „ირტიში“ ყაზახეთის ჩემპიონატში დარჩენილ ნაწილს აღარ ჩაატარებს და ტურნირს 12-ის ნაცვლად, 11 გუნდი გააგრძელებს.

„ირტიშის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე მთავარი კითხვა ლეგიონერებმა დასვეს – სანამ საზღვრები დაკეტილია, რა უნდა ქნან უცხო ქვეყანაში, სადაც ხელფასს არ უხდიან და გუნდთან კონტრაქტი აღარ აკავშირებთ?

„მანამდე შეგიძლიათ გუნდის ბაზაზე ივარჯიშოთ. საზღვრები პირველი ივნისიდან გაიხსნება. სხვა ქვეყნის მოქალაქეები ყაზახეთის საზღვარს თავისუფლად გადალახავენ. ეს ჩვენი მოქალაქეებს არ შეუძლიათ ყაზახეთის გარეთ გამგზავრება,“ – განაცხადა შეხვედრაზე, პავლოდარის რეგიონის ფიზიკური კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა, მარატ აიდაშევმა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის თავდამსხმელი ლევან კუტალია ყაზახეთში თბილისის „დინამოდან“ 2020 წლის იანვარში გადავიდა. თბილისურ გუნდთან ერთად ის საქართველოს ჩემპიონი გახდა და „ეროვნული ლიგის“ საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.